ახალი ამბები
მოქალაქე ხაშურის გამგეობის თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებს
ხაშურის რაიონის სოფელ გომში მცხოვრები თინათინ ნოზაძე ირწმუნება, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს თინათინ ნოზაძე ესაუბრა და ჟურნალისტებს დაზიანებული ხელების ამსახველი ფოტოები მიაწოდა.

მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ გარკვეული სახის ინციდენტს ადგილი ჰქონდა, რის შესახებაც მოკვლევაც მიმდინარეობს.

თინათინ ნოზაძე ხაშურის სტამბაში მუშაობს. გამგეობაში მისი მისვლის ორი ვერსია სახელდება - თუკი ის ამბობს, რომ მის ძმას მადონა ძინძიბაძე დაჭერით ემუქრებოდა და ამის გასარკვევად მივიდა, გამგეობაში გვპასუხობენ, რომ სტიქიის დროს დაზიანებული სახლის შეკეთებას ითხოვდა.

,,გამგეობის თანამშრომელი მადონა ძინძიბაძე ტელეფონით მემუქრებოდა. კერძოდ, ჩემ ძმას პოლიციასთან პრობლემები შეექმნებოდა. სწორედ ამის გასარკვევად მივედი იურიდიულ სამსახურში.“ - ამბობს თინათინ ნოზაძე.

ნოზაძის მტკიცებით, იურიდიულ სამსახურში მადონა ძინძიბაძემ, ირინე ფერაძემ და კიდევ ერთმა, მისთის უცნობმა თანამშრომელმა მას სცემეს.

,,ირინე ფერაძეს, საერთოდ, არც ვიცნობდი. მადონასთან როდესაც მივედი, სახეში რამდენჯერმე ირინემ გამარტყა. შემდეგ მადონამაც დამარტყა და, მასთან ერთად, კიდევ ერთი ქალი იყო. ისიც მცემდა. მისი ვინაობა არ ვიცი. ხელები სულ დაკაწრული მაქვს.“ განმარტავს თინათინ ნოზაძე.

ის აპირებს, რომ სახალხო დამცველს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას უფლებების დასაცავად მიმართოს.

თაინათინ ნოზაძე, დღეს, ხაშურის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა დაიბარა. გამგებელთან შეხვედრას მხოლოდ მადონა ძინძიბაძე დაესწრო. ძინძიბაძემ ყველაფერი უარყო.

,,გამგებელი დამპირდა, რომ თანამშრომლებს საყვედურს მისცემს, მაგრამ არ მჯერა. სატელეფონო ჩანაწერის ამოღებას და ჩემი სიმართლის დამტკიცებას სასამართლო გზით ვაპირებ.“ - დასძენს თინათინ ნოზაძე.

მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური ნინო სუხიაშვილი აცხადებს, რომ მიმდინარეობს საკითხის შესწავლა.

„თუ გამოიკვეთა ჩვენი თანამშრომლების მხრიდან რაიმე გადაცდომა, ამას მოჰყვება ადეკვატური რეაგირება. აქვე ხაზგასმით ვადასტურებ, რომ კონფლიქტი პირადი ხასიათს უკავშირდება და სამსახურებრივ მოვალეობი შესრულებასთან არავითარი კავშირი აქვს. ჯერ უნდა გაირკვეს, რა სახის გადაცდომას ჰქონდა ადგილი, რომ რეაგირების ხარისხი განისაზღვროს. თვითონ ძინძიბაძე ადასტურებს, რომ მოქალაქე მიუვარდა და შეურაცხყოფა მიაყენა. მე სხვას ვერაფერს დავადასტურებ”- ამბობს სუხიაშვილი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი მადონა ძინძიბაძესა და ირინა ფერაძეს დაუკავშირდა. მადონა ძინძიბაძემ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ხოლო ირინა ფერაძე აცხადებს, რომ ის სამუშაო პროცესის ნორმალიზაციას შეეცადა.

,,ცემას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული პიროვნება კონკრეტულ საკითხის მოგვარების მიზნით ჩემ თანამშრომელთან მადონა ძინძიბაძესთან მივიდა. მადონა ძინძიბაძემ შესაბამისი კონსულტაცია გაუწია. მოქალაქე ამით არ დაკმაყოფილდა და ოთახში აგრესიული სიტყვების გამოყენება დაიწყო. ყველას შეურაცხყოფას გვაყენებდა. იძულებული გავხდით, მიგვეთითებინა, რომ აგრესია შეეწყვიტა და ოთახის დატოვება ვთხოვეთ. მიუხედავად ამისა, აგრძელებდა აგრესიას. კონფლიქტი იყო, თუმცა არა ის, რასაც გიყვებათ. ვიდრე დაცვის პოლიციის თანამშრომლები ამოვიდოდნენ და გაიყვანდნენ, ფიზიკურად ჩვენ დაგვიპირისპირდა“ - აცხადებს ირინა ფერაძე.

იურიდიული სამსახურის თანამშრომელი მადონა ძინძიბაძე სტიქიის დროს დაზარალებულ პირთა შემსწავლელი კომისიის წევრია.

გამგეობაში აცხადებენ, რომ თინათინ ნოზაძეს კომისიის წევრმა მადონა ძინძიბაძემ, საბუთების შეგროვებასთან დაკავშირებით, განმარტებები მისცა.

თინათინ ნოზაძე აცხადებს, რომ ის სულ სხვა ამბავზე იყო მისული ძინძიბაძესთან.

ფოტოზე: თინათინ ნოზაძე

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები