ახალი ამბები
კოვიდპანდემიის მართვა სკოლებში - ინტერვიუ ხაშურის რესურსცენტრის ხელმძღვანელთან
ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლებში კოვიდპანდემიის მართვა ნორმალურად ხორციელდება. ამის შესახებ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ზვიად გოგუაძემ გადაცემაში ,,ქართლის სტუდია“ ისაუბრა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მხოლოდ ქვიშხეთის საჯარო სკოლაა გადასული დისტანციურ მართვაზე. ამაში, ის გარკვეულწილად, პედაგოგთა დიდი ნაწილის მიერ ჩატარებულ აცრას უკავშირებს. ოფიციალური მონაცემებით, ხაშურის სკოლების პედაგოგთა 86%-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვს ჩატარებული.

- ზოგადად ეპიდსიტუაცია, ამ ეტაპზე, როგორც წინა გასულ კვირებში, ექვემდებარება კონტროლს. ვგულისხმობ იმას, რომ საჭიროების შესაბამისად, კონკრეტული სკოლიდან გამომდინარე, კლასები გადადიან დისტანციურ სწავლებაზე. მიმდინარე ეტაპზე სრულად ელექტრონულ რეჟიმზე მხოლოდ ერთი სკოლა გვყავს. რაც არის, მე ვფიქრობ, იმისი მაგალითი, რომ კოვიდპანდემიის მართვა სწავლების პროცესთან მიმართებაში ჩვენს მუნიციპალიტეტში ნორმალურად ხორციელდება.

- კონკრეტულად, რომელი სკოლაა სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადასული და რატომ გახდა საჭირო, როგორი იყო გავრცელების მაჩვენებელი?

- სრულად ელექტრონულ რეჟიმზე იმყოფება მხოლოდ ქვიშხეთის საჯარო სკოლა, რომელიც გასული კვირებიდან ასეა. მიზეზი არის ინფიცირებულ პედაგოგთა რაოდენობის მატება. იმ პერიოდში, როცა სკოლა იმყოფებოდა დისტანციურზე, 6 მასწავლებელს დაუდასტურდა კოვიდი და შესაბამისად გავუგრძელეთ დისტანციური სწავლების რეჟიმი.

- ქვიშხეთის საჯარო სკოლაში როდის დაიწყო და დასრულდება დისტანციურ რეჟიმზე სწავლა?

-
ბოლო ორი კვირაა, რაც აქ დისტანციური სწავლებაა და 5 ნოემბრის ჩათვლით გაუგრძელდათ. 8 ნოემბრიდან დაუბრუნდებიან საკლასო სივრცეს. თუ რა საკვირველია ისევ არ შეიცვალა მოცემულობა. ამას განსაზღვრავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაცია და არა მხოლოდ სკოლა ან რესურსცენტრი.

- თუ გაქვთ ინფორმაცია მუნიციპალიტეტში რამდენი პედაგოგია ვაქცინირებული და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი პირველი დღიდან დღემდე?

-
დაახლოებით 730 მასწავლებლიდან 615 მასწავლებელი აცრილია. არა მხოლოდ მასწავლებლები, ზოგადად სკოლაში დასაქმებულთა 86% არის აცრილი. რაც შეეხება იმუნიზაციის მიმდირეობას, ამ ეტაპზე, ვერ ვიტყოდი, რომ სახარბიელოდ გვაქვს საქმე, იმიტომ, რომ ძირითადად, ვინც აიცრა, აქამდე აიცრა. ახლა უკვე ერთეულები იცრებიან. ვერ გეტყვით, რომ მაქსიმალური ჩართულობით მიმდინარეობს ეს პროცესი.

- ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რა მიზეზს ასახელებენ ის პედაგოგები, რომლებიც უარს აცხადებენ აცრაზე?

-
ვერ გეტყვით. რადგან ნებაყოფლობითი აცრაა, შესაბამისად ვიღაც შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების რისკს ხედავდეს, ვიღაცას პერსონალური შეხედულება ჰქონდეს აცრასთან დაკავშირებით. თუმცა, ეს არ არის მასიური ხასიათის, იმიტომ, რომ მოგახსენეთ, პროცენტულად ყველაზე მეტად აცრილები არიან მასწავლებლები თუ სეგმენტურ ჭრილში შევხედავთ.

- ვაქცინირებულთა რაოდენობის გასაზრდელათ რაიმე გეგმა თუ გაქვთ შემუშავებული?

-
განათლების სამინისტრო ,,იუნისეფთან’’ ერთად აწარმოებს მსგავს კამპანიას და, სხვათა შორის, ხაშურშიც ჩატარდა. სწორედ ამ შეხვედრიდან დაახლოებით 35 მასწავლებელი აიცრა და ეს ის კატეგორია იყო, რომელიც არცერთი დოზით აცრილი არ იყო იმ პერიოდში.

- როგორ დაიწყო მეხუთე ტალღა ? როგორი შედარება შეგიძლიათ გააკეთოთ წინა ტალღებთან?

-
ტალღებიდან გამომდინარე ვერ გესაუბრებით. მე გესაუბრებით ინფიცირებიდან გამომდინარე და ვერ გეტყვით, რომ რაღაცა შეცვლილია ამ მიმართულებით. რაც სწავლა-სწავლების პროცესი დავიწყეთ, პერმამენტულად გადაგვყავს კონკრეტული კლასები ჰიბრიდულ რეჟიმზე და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სასწავლო პროცესი შევინარჩუნოთ სასწავლო კლასებში და ამ ეტაპზე ეს გამოგვდის.

- ონლაინ სწავლება რამდენად რთულად მიმდინარეობს? რა პრობლემები გამოიკვეთა? იგივე ინტერნეტის მიწოდების მხრივ მოსწავლეებთან?

-
ჩვენთვის ეს უკვე გამომუშავებული პრაქტიკაა დაახლოებით ორი წლის განმავლობაში. იმ კატეგორიის მოსწავლეეთან, ვისაც ინტერნეტთან წვდომის პრობლემა აქვს, მათთან მიმდინარეობს ინდივიდუალური კონსულტაციები. შესაძლებელია ეს იყოს სატელეფონო კომუნიკაცია ანდა სასკოლო სივრცეში თუ არ არის ინფიცირებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები