ახალი ამბები
რუისში სარწყავი წყლის სატუმბი სადგური აშენდა - დამთავრდება ,,ომი'' სოფლებს შორის?!
შპს "საქართველოს მელიორაციამ" ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისის სატუმბ სადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

ამით, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, 30-წლიანი პრობლემა მოგვარდება. წლების განმავლობაში, ქართლის ორი დიდი სოფლის - რუისისა და ურბნისის მოსახლეობას შორის, სარწყავი წყალი გრაფიკით ნაწილდებოდა.

მოსახლეობას შორის წარმოშობილი დავები არაერთხელ გამხდარა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების თათბირებზე განხილვის საგანი. იმის გამო, რომ წყალი ჯერ რუისში გაედინებოდა და გრაფიკი ირღვეოდა, ურბნისელების უკმაყოფილებას იწვევდა.

ერთ-ერთ თათბირზე ერთმანეთს ორი სოფლის წარმომადგენლებიც კი დაუპირისპირდა.



ის, რომ რუისსა და ურბნისის მოსახლეობას შორის, სარწყავი წყლის გამო, დიდი დაპირისპირება იყო, ეს ამბავი გორის გამგებელთან გამართულ თათბირზე მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლებიც აღნიშნავდნენ. უწყლოდ გორის სოფლებიც - ვარიანის თემში შემავალი დასახლებებიც რჩებოდნენ.

სოფლის მეურნეობის წარმომადგენელი მელიორაციის დარგში გელა დადეშელი აღნიშნავდა, რომ გორის სოფლებს - ვარიანსა და არაშენდას წყალი იმიტომ არ მიეწოდებოდა, რომ რუისელებსა და ურბნისელებს შორის, დიდი ომი იყო. ამის საპასუხოდ, ვარიანის წარმომადგენელი პირობას დებდა, რომ ამ ომში მის თემში შემავალი სოფლებიც ჩაერთვებოდნენ. 



"ივლის-აგვისტოში, როდესაც სარწყავი წყლის ყველაზე მეტი საჭიროებაა, ორ მნიშვნელოვან მაგისტრალში, როგორიც არის ზედა რუს და ტაშისკარის არხი, წყლის მიწოდების დეფიციტი გვქონდა. ამ ორი არხის შემავსებელი სატუმბი სადგური, ფაქტობრივად, თავიდან აშენდა. სამინისტრომ ამ პრობლემის მოგვარება საბიუჯეტო სახსრებით შეძლო; თუმცა, უფრო კომპლექსურად, ჩვენ ქარელის რეგიონში, ზედა რუს არხის სრულ რეაბილიტაციას ვახორციელებთ მსოფლიო ბანკის დახმარებით. კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმებულია, დაახლოებით, 21 მილიონი ღირებულების სამუშაოებს განახორციელებს, რაც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში სარწყავი წყლის პრობლემას დიდწილად მოაგვარებს. სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია, მათ შორის, რა თქმა უნდა, საირიგაციო ინფრასტრუქტურაც იგულისხმება, რასაც გეგმიურად, თანმიმდევრულად ვახორციელებთ", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

რუისის სატუმბ სადგურს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა, აღდგა სადაწნეო მილსადენი და დამონტაჟდა ახალი ტუმბო-აგრეგატები, რაც ტაშისკარისა და ზედა რუს მაგისტრალურ არხებში წყლის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს. შედეგად, სოფლების რუისისა და ურბნისის 1 000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სტაბილურად მოირწყვება და 2000-ზე მეტი ბენეფიციარის სარწყავი წყლით დაკმაყოფილება მოხდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს "საქართველოს მელიორაციამ" გასული წლის ზაფხულში დაიწყო. სატუმბი სადგურის რეაბილიტაციისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 960 395 ლარი დაიხარჯა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები