ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილისთვის პალატა მოამზადეს
"გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი ყველა იმ მატერიალურ ტექნიკური ბაზით, რომელიც ესაჭიროება პაციენტს. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ MRT-ს აპარატი გამოსული არის წყობიდან, არ შეესაბამება სიმართლეს, ის ტექნიკურად გამართულია, მიმდინარეობს პროგრამული "აფდეითი" და პაციენტს მიეწოდება ყველა ის სერვისი, რაც მას დასჭირდება.''

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მან ბრიფინგი მას შემდეგ გამართა, როდესაც გორის ჰოსპიტალი დაათვალიერა.

,,გორის ჰოსპიტალი არის ის ლოკაცია, სადაც ჩვენ შეგვიძლია პაციენტს შევთავაზოთ მაქსიმალური უსაფრთხოება. სწორედ აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილისთვის მოეწყო განსაკუთრებული პალატა, სადაც ის გააგრძელებს ინტენსიური დაკვირვების ქვეშ მკურნალობას. ექიმები, რომლებიც დღეს მკურნალობენ პაციენტს, გააგრძელებენ მკურნალობას აქაც, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება რუსთავის და გლდანის პენიტენციურ დაწესებულებებშიც მიეწოდებოდა, თუმცა გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილების მიზეზი, ქვეყანაში "შიმშილის ეპიდემიისა" და დაპირისპირების დასრულებაა.

,,პაციენტს მიეწოდებოდა როგორც რუსთავში, ასევე გლდანში ყველა ის სამედიცინო სერვისი, რომელიც მას იმ კონკრეტულ მომენტში ესაჭიროებოდა. გადაწყვეტილების მიზეზია ის, რომ მიღებული შიმშილობის ეპიდემია ქვეყანაში უნდა შეწყვეტილიყო, ასევე უნდა შეწყვეტილიყო ის დაპირისპირება, რომელიც იყო. ჩვენ გვაქვს ჰუმანური მიდგომა ყველა ადამიანის მიმართ. მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაბამისად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ შეთავაზებოდა პაციენტს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა. სააკაშვილი დღესაც არ იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და სამომავლოდაც მას ეს რისკი არ უდგას. ის არის მუდმივი მონიტორინგის ქვეშ და უტარდება კვლევები. ის იმყოფება ინტენსიური დაკვირვების ქვეშ", - განაცხადა მინისტრმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები