ახალი ამბები
ბაბუციძეების ცხოვრება ნესტიან კოტეჯებში
ჯუმბერ ბაბუციძე და მზია ჭოველიძე 7 წელია ხურვალეთის დევნილთა დასახლების კოტეჯში ცხოვრობენ.

მძიმე სოციალურ მდგომარეობას ჯანმრთელობის პრობლემები ემატება, რომელიც ოჯახის თითქმის ყველა წევრს აწუხებს.

მზია ჭოველიძის მოხუცი დედა ინსულტიანია. მოხუც მამას კი მხედველობა უჭირს.

ცოლ-ქმარს ერთი შვილი ავარიაში დაეღუპათ, 10 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა. გოგონა კი ომის შემდეგ ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას გადის.

,,აჩაბეთიდან წამოვედით. ჩემი გოგო ნანგრევებში მოყვა და იქიდან ამოვიყვანე. 2008 წლის 11 აგვისტოს გამოვედით. ცოტა ხანს რუსთავში ვცხოვრობდით, სანამ აქ კოტეჯები აშენდებოდა. მას შემდეგ ჩემ გოგოს შიშები აქვს, თითქოს, რაღაც ინგრევა, ნგრევა ახსენდება სულ" - ამბობს მზია ჭოველიძე.

გოგონას სახელმწიფო ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციის კურსის განხორციელებაში ეხმარება. მიუხედავად ამისა, მედიკამენტების გარკვეულ ნაწილს ოჯახი საკუთარი ბიუჯეტიდან ყიდულობს.

ჯუმბერ ბაბუციძე ოჯახის დიასახლის ყოველდღიურად სასმელი წყლის მიტანაში ეხმარება. ზამთრის პირობებში დაზიანებული და გაყინული მილების გამო ონკანებში წყალი არ მოდის. ამიტომ, ტვირთი ჯუმბერ ბაბუციძეს დააწვა.

,,ჩემი სიმამრიც ავადაა. თვალზე ოპერაცია სამჯერ ჩაიტარა, მაგრამ მაინც უჭირს მხედველობა" - ამბობს ჯუმბერ ბაბუციძე.

მათი თქმით, ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ კოტეჯების კედლები დანესტიანებულია.  


Print

სტატიის გამოყენების პირობები