ახალი ამბები
დაუსაქმებლობა და ყოფითი პრობლემები დევნილთა დასახლებაში
აჩაბეთიდან დევნილმა ზეინაბ ხადურმა შვილი ხურვალეთის კოტეჯებში დასახლებისას დააქორწინა. ამჟამად კი, ერთი ლარიც არა აქვთ ოჯახში.

ზამთარში გასათბობად შეშა 425 ლარად იყიდეს. სოციალური დახმარების რამდენიმე თვის თანხა კი, წინასწარ, ერთად აიღეს.

მისი შვილი ერთ-ერთ ქარხანაში სეზონურად მუშაობს. წელიწადის რამდენიმე თვეს უმუშევარია.

,,ბუნებრივი აირი კი შემოყვანილია, მაგრამ გასათბობად მაინც შეშას ვიყენებთ. დენის ქურა წინა თვეს ჩავრთეთ, თუმცა ძალიან ბევრი გადასახადი მოვიდა და ახლა აღარ ვიყენებთ." - ამბობს ზეინაბ ხადური.

ემზარ შოშიტაშვილი ოჯახი ომის დროს სოფელ ქსუისიდან წამოვიდა. ამჟამად, მეუღლესთან და შვილებთან ერთად, კოტეჯში ცხოვრობს. დაუსაქმებელია და სამუშაო მაშინ ჩნდება, თუ ვინმე ნაცნობი მშენებლობიდან შეეხმიანება.

მისი მეუღლე კი იმ დრომდე იყო დასაქმებული, სანამ დასახლებაში ბავშვთა გასართობი ცენტრი მუშაობდა. ეს ცენტრი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით აშენდა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ გასართობმა ცენტრმა ფუნქციონირება შეწყვიტა. ცენტრის დამფინანსებელი არავინ გამოჩნდა.

,,თუ სტუმარი მოგვივიდა, დასახლებაში მაღაზიაც კი არ არის, რომ რამე შევიძინოთ. გვიწევს მეზობელ სოფელ ნადარბაზევში გადასვლა" - ამბობს ემზარ შოშიტაშვილი.

დანესტიანებულ კოტეჯში მცხოვრებლებს სასმელი წყალი უჭირთ.

,,სანამ სასმელ წყალს სახლებში შემოვიყვანდით, მანამდე საუბნო ონკანები იყო. იქ წყალი კარგად მოდიოდა. მერე ყველა ოჯახში შეიყვანეს, უკვე განაწილდა წყალი და ახლა ძალიან ცოტა მოდის." - ამბობს ემზარ შოშიტაშვილი

Print

სტატიის გამოყენების პირობები