ახალი ამბები
სახალხო დამცველის კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესს ზედამხედველობას გაუწევს
სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესს ზედამხედველობას გაუწევს.

,,თუმცა, ჩვენი ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს მკურნალობის მართვაზე პასუხისმგებლობას, მაგრამ ჩვენ ჩავერთვებით ზედამხედველობის კუთხით'' - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გორში განაცხადა.

იგი ვარაუდობს, რომ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილება წინასწარ იყო ცნობილი ხელისუფლებისთვის და ამიტომ მიიღეს გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანის გადაწყვეტილება:

ახალი წერილით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა (ამ შემთხვევაში განმცხადებელმა) დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, ხოლო მთავრობამ მას უნდა გაუწიოს, ახალ, შეცვლილ სამედიცინო გარემოებებზე დაყრდნობით, ადეკვატური სამედიცინო დახმარება, რომელიც გაითვალისწინებს 17 ნოემბრის სამედიცინო შეფასებას.

სამედიცინო შეფასება კი სწორედ სახალხო დამცველის მიერ შექმნილ კონსილიუმის წევრებს ეკუთვნის. ახალი წერილი ნინო ლომჯარიამ დღეს გაავრცელა.

ფაქტს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გამოეხმაურა:

"სტრასბურგის სასამართლოდან აღნიშნული წერილი მივიღეთ 19 ნოემბერს, საღამოს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგი ჩაატარა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მიზნით, სააკაშვილს (რომელიც არ ასრულებდა სტრასბურგის სასამართლოს დაჟინებულ მოწოდებას) გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა",- აღნიშნავს მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი. - "მას შემდეგ, რაც პატიმარი გადაყვანილია გორის ჰოსპიტალში და წარმატებით მიმდინარეობს მისი შიმშილობის შემდგომი პერიოდის მკურნალობა, ევროპული სასამართლოს მიერ ორივე მხარის მიმართ გაკეთებული მითითებები შესრულებულია. იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს უკვე ორჯერ გაუგზავნა შუალედური ინფორმაცია და საბოლოო ინფორმაცია გაიგზავნება დათქმულ ვადაში".
Print

სტატიის გამოყენების პირობები