ახალი ამბები
გორში სკოლამდელი აღსაზრდელებისთვის სასკოლო მზაობის ცენტრები იქმნება
ქალაქ გორის მერია სკოლამდელი აღსაზრდელებისთვის სასკოლო მზაობის ცენტრების შექმნას გეგმავს.

პროგრამის დასამტკიცებლად თანხმობის მისაღებად გორის მერიამ ქალაქის საკრებულოს ინიციატივით უკვე მიმართა.

სასკოლო მზაობის ცენტრების დაფუძნება ბავშვთა განათლების ხელშეწყობასა და სასკოლედ მომზადებას ისახავს მიზნად.

ვიდრე მერია პროგრამის განხორციელებას დაიწყებს, მანამდე საპილოტე (საცდელი) ცენტრები გორის პირველ და მე-9 საჯარო სკოლებში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კივიტას გეორგიას" ხელშეწყობით უკვე არსებობს.

ახალი ცენტრები საბავშვო ბაღის გარეთ, უმეტესწილად, საჯარო სკოლების ბაზაზე შეიქმნება. თუმცა, გორის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ბერიანიძე ამბობს, რომ სასკოლო მზაობის ცენტრების სამუშაო პროგრამა საბავშვო ბაღებში უკვე მუშაობს.

იმ ცენტრებში, რომლებიც საბავშვო ბაღის გარეთ შეიქმნება, სასკოლო მზაობის პროგრამას, 18-20 ბავშვი გაივლის. ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც საბავშვო ბაღში ვერ მოხვდნენ სხვადასხვა მიზეზის გამო.

,,კურსის ხანგრძლოვა ყოველდღიურად 4-5 საათია, ოღონდ კვების გარეშე." - ამბობს ნინო ბერიანიძე, ,,თუმცა მშობლებმა გამოთქვეს მზაობა, რომ სკოლის ბუფეტიდან საჭიროების შემთხვევაში, ბავშვებს საკვები თავადვე შეუძინონ"

აღნიშნული პროგრამით მერია საბავშვო ბაღების განტვირთვასაც ელოდება. მას შემდეგ, რაც საბავშვო ბაღები უფასო გახდა და სახელმწიფომ დაფინანსება თავის თავზე სრულად აიღო, საბავშვო ბაღები გადაიტვირთა.

,,აქედან გამომდინარე, ცენტრების შექმნა საბავშვო ბაღების მუშაობასაც განტვირთავს" - აცხადებს ნინო ბერიანიძე.

გორის მერია ცენტრების ფუნქციონირების მიზნით თანხებს ბიუჯეტიდან გამოყოფს.

დაფინანსებას  პედაგოგები მიიღებენ. ბავშვები კი - მომსახურებას.

როგორ მოხვდებიან ასეთ ცენტრებში ბავშვები ან ვის უნდა მიმართონ?


მშობელმა, ან იმ პედაგოგს უნდა მიმართოს, რომელიც ამ ცენტრის მუშაობაშია ჩართული, ან შესაძლებელია, საბავშვო ბაღების დირექტორებს განცხადება დაუწერონ.

,,ჩვენთანაც რომ განაცხადი შემოიტანონ, მაინც საბავშვო ბაღებზე ან ცენტრის პედაგოგის სახელზე გადავამისამართებთ" - ამბობს ნინო ბერიანიძე.

ნინო ბერიანიძე თვლის, რომ სასკოლო მზაობის ცენტრების მიმართ დაინტერესება დიდი იქნება, თუმცა, არა ისეთი, რომ ყველა მშობელმა ბავშვი საბავშვო ბაღიდან გამოიყვანოს.

,,მაგალითად, გვინდოდა, რომ ასეთი ცენტრი სადგურის დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლაში გაგვეკეთებინა, თუმცა დაინტერესება არ იყო დიდი. პირველ რიგში ეს გამოწვეულია იმით, რომ მშობელს ურჩევნია აღსაზრელი საბავშვო ბაღში ჰყავდეს, სადაც კვება მთელი დღის განმავლობაში უფასოა. მართალია, ამ ეტაპზე ორი ცენტრი გვაქვს გახსნილი, თუმცა პროგრამის დამტკიცების შემდეგ, კიდევ 3 ცენტრის გახსნას ვგეგმავთ და სულ 5 ასეთი ცენტრი იქნება" - განმარტავს ნინო ბერიანიძე.

ფოტოზე: საკრებულოს წევრები პირველი საბავშვო ბაღის გახსნაზე
Print

სტატიის გამოყენების პირობები