ახალი ამბები
პანდემიის გამო გორის საბავშვო ბაღებში წყალი ბოთლებით მშობლებს მიაქვთ
გორის საბავშვო ბაღებში წყალი ბოთლებით მშობლებს მიაქვთ. ამის შესახებ რედაქციას რამდენიმე მშობელმა აცნობა და ვითარებაში გარკვევა გვთხოვა.

მათი თქმით, სოფლის წყალი არაა დაბინძურებული და, შესაბამისად, გაუმართლებლად მიაჩნიათ ყოველდღიურად თუნდაც თითო ბოთლის ყიდვა:

,,ყველას არა აქვს საშუალება, რომ ყოველდღიურად წყალი იყიდოს. ძალიან კარგი, ხარისხიანი წყალი გვაქვს სოფელში. ვფიქრობთ, რომ ასე არ უნდა ხდებოდეს და არ უნდა ვყიდულობდეთ წყალს'' - ამბობს ქვახვრელის საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი.

ჩვენ დავუკავშირდით ქვახვრელის საბავშვო ბაღის დირექტორს, მარინა ფადიურს, რომელმაც აგვიხსნა, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება სოფლის წყლის ხარისხთან დაკავშირებით, არაა მიღებული:

,,სოფლის წყალი ნამდვილად ხარისხიანი, გვაქვს შესაბამისი დასკვნა. სურსათის უვნებლობის სამსახურის რეკომენდაციით, პანდემიიდან გამომდინარე, აუცილებელია, ბავშვებს ჰქონდეთ ინდივიდუალური ჭურჭელი'' - აცხადებს ბაღის დირექტორი.

როგორც ირკვევა, საბავშვო ბაღებში წყალთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციების დაცვა ჭირს, ამიტომ გადაწყვეტილება იმდაგვარად იქნა მიღებული, რომ ბავშვებს წყალი ბოთლებით ჰქონდეთ.

აპირებს თუ არა გორის მერია ბოთლებით წყლის შესყიდვას უახლოეს მომავალში მაინც. ჩვენ საბავშვო ბაღების სააგენტოსგან პასუხს ველოდებით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები