ახალი ამბები
სასმელი წყალი 30 წლის შემდეგ - კოდისწყაროს სოფლებში
რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხის საშუალებით კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროს ადმინისტრაციული ერთეულის 4 სოფლის, ჩობალაურის, ნიგოზას, ზემო და ქვემო რენეს მოსახლეობამ 30 წლის შემდეგ სასმელი წყალი მიიღო.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

სოფელი ზემო და ქვემო რენე, სასმელ წყალს სამთავისის რეზერვუარიდან იღებდა. ერთი წლის წინ დაზიანდა ტუმბოები და სოფლები წყლის გარეშე რომ არ ყოფილიყო, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა წყლის მიწოდებას ავზებით ახორციელებდა.

პარალელურად, მოამზადა პროექტი - ზემო და ქვემო რენეში დაზიანებული ტუმბოების შეცვლის და დამატებით სოფელ ნიგოზა – ჩობალაურის, მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების თაობაზე.

პროექტის განხორციელებამ - სოფელ ჩობალაურსა და ნიგოზაში მცხოვრები 210 ოჯახი, საკუთარ სახლებში, ინდივიდუალური გამრიცხველიანების საშუალებით, სასმელი წყლით უზრუნველყო, ხოლო ზემო და ქვემო რენეში (259 ოჯახი), 52 საუბნო ონკანი დაემატა.

პროექტი დაფინანსდა რეგიონალური განვითარების ფონდიდან და მასზე 229 770 ლარი დაიხარჯა.

მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა რეგიონის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მშენებელს მათი უდიდესი პრობლემის მოგვარებისათვის.

,,პროექტის წარმატებით განხორციელებასთან დაკავშირებით სოფელ ჩობალაურში იმყოფებოდნენ შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ილია ზაქარიაძე, საკრებულოს დეპუტატი კოდისწყაროს ადმინისტრაციული ერთეულიდან ნუკრი მიდელაშვილი, მშენებლი კომპანიის შპს „ნდს მშენებლობა“-ს ხელმძღვანელები. " - აღნიშნავს გამგეობის პრესსამსახური.
Print

სტატიის გამოყენების პირობები