ახალი ამბები
შიდა ქართლში ხილის გადამმუშავებელმა საწარმოებმა 35 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს
მიმდინარე წელს ფერმერებმა 9 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს,  მათ შორის, სახელმწიფო სუბსიდია 3,5 მლნ ლარს აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა საწარმოებმა 35 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. პროგრამა 15 დეკემბერს დასრულდა.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის შედეგები შტაბის წევრებთან და პროგრამაში ჩართული საწარმოების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე შეაჯამეს.

არასტანდარტული ვაშლის (ე.წ. ნაქარი ვაშლის) რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული იყო 12 კომპანია, საიდანაც გადამუშავებული ვაშლის რაოდენობა ჯერ კიდევ 21 ნოემბრის მონაცემებით 31,000 ტონაზე მეტი შეადგენდა.

ფერმერებს ვაშლის ჩაბარება არანაკლებ 22 თეთრად, 15 დეკემბრამდე შეეძლოთ. ვაშლის შესყიდვისას, სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრი იყო
Print

სტატიის გამოყენების პირობები