ახალი ამბები
ცხინვალის იზოლატორიში მყოფი მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა
აქცია გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის წინ. ორგანიზაცია ,,სირცხვილიას'' წევრებმა საქართველოს ხელისუფლებას, მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვეს.

მამუკა ჩხიკვაძე ნიქოზელია. ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 12 დეკემბერს დააკავეს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ოსური სააგენტოების ცნობით, მამუკა ჩხიკვაძე დაკავებისას აღნიშნავდა, რომ ის იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და სამხედროებს ოკუპამტებს ეძახდა.

ცხინვალის წარმომადგენელმა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ეგორ კოჩიევმა ..ეხოკავკაზას' განუცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩხიკვაძე ცხინვალში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, სიცრუეა.

"არანაირი ფიზიკური ზემოქმედება მასზე არ ყოფილა. ჩხიკვაძემ სრულიად გააზრებულად გადაკვეთა "საზღვარი" და არაადეკვატურად იქცეოდა, ყვიროდა ნაციონალისტურ ლოზუნგებს და მესაზღვრეებს ოკუპანტებს ეძახდა.

"ის, რომ ყოფილი სამხედროა, ამის შესახებ ამ ადამიანმა თავად თქვა. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუკი მას პირადად რაიმე დანაშაული არ ჩაუდენია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მას დევნის საფრთხე ამ ნიშნით არ ემუქრება. შესაბამისი ორგანოები მისი სამხრეთ ოსეთში ვიზიტის მიზანს იკვლევენ და იმის მიხედვით, თუ რა პასუხებს გასცემს, იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყებაზე, ან გაძევებაზე". - აღნიშნა კოჩიევმა ,,ეხოკავკაზასთვის'' მიცემულ ინტერვიუში.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას'' ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ მამუკა ჩხიკვაძე ნამდვილად ნაცემია. ქაცარავას თქმით, ეს ინფორმაცია სანდო წყაროსგან აქვს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები