ახალი ამბები
ცხინვალის საპატიმროში მყოფ მამუკა ჩხიკვაძის მეგობრები გორში აქციას მართავენ
აქცია მიმდინარეობს ქალაქ გორში, სადაც ყოფილი სამხედრო მოსამსახურის მამუკა ჩხიკვაძის თანამებრძოლები იკრიბებიან.

ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ გადაინაცვლებენ და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოსთხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ჩხიკვაძე ცხინვალის იზოლატორში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია.

მამუკა ჩხიკვაძე ნიქოზელია. ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 12 დეკემბერს დააკავეს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ოსური სააგენტოების ცნობით, მამუკა ჩხიკვაძე დაკავებისას აღნიშნავდა, რომ ის იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და სამხედროებს ოკუპანტებს ეძახდა.

დეკემბრის ბოლოს ცხინვალის წარმომადგენელმა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ეგორ კოჩიევმა ..ეხოკავკაზას' განუცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩხიკვაძე ცხინვალში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, სიცრუეა.

"არანაირი ფიზიკური ზემოქმედება მასზე არ ყოფილა. ჩხიკვაძემ სრულიად გააზრებულად გადაკვეთა "საზღვარი" და არაადეკვატურად იქცეოდა, ყვიროდა ნაციონალისტურ ლოზუნგებს და მესაზღვრეებს ოკუპანტებს ეძახდა.

"ის, რომ ყოფილი სამხედროა, ამის შესახებ ამ ადამიანმა თავად თქვა. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუკი მას პირადად რაიმე დანაშაული არ ჩაუდენია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მას დევნის საფრთხე ამ ნიშნით არ ემუქრება. შესაბამისი ორგანოები მისი სამხრეთ ოსეთში ვიზიტის მიზანს იკვლევენ და იმის მიხედვით, თუ რა პასუხებს გასცემს, იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყებაზე, ან გაძევებაზე". - აღნიშნა კოჩიევმა ,,ეხოკავკაზასთვის'' მიცემულ ინტერვიუში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები