ახალი ამბები
გუდაბერტყიაზე მტკვარ-არაქსის კულტურის კერამიკული მასალა აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა გუდაბერტყას ნამოსახლარზე მტკვარ-არაქსის კულტურის ხანის კერამიკული ჭურჭელი აღმოაჩინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

არქეოლოგიური გათხრები გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს - სვენეთსა და ახალშენს შორის, თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალის 77-ე კილომეტრზე ჩატარდა.

ერ-ერთ თხრილში, მიწატკეპნილ იატაკზე განლაგებული თიხის ჭურჭელი აღმოჩნდა.

იმავე დონეზე ხის კონსტრუქციის ანაბეჭდიანი ნახანძრალი და გამომწვარი ბათქაშები გაიწმინდა.

თიხის ჭურჭელი, სწორედ, ნახანძრალი შენობის იატაკზე იყო განფენილი.

მოპოვებული კერამიკული მასალა არქეოლოგებს უჩვენებს, რომ ის ადრებრინჯაოს ხანის მტკვარ - არაქსის კულტურას ეკუთვნის.

მტკვარ-არაქსის კულტურის კერამიკული მასალა, ერთ სიბრტყეზე დაწყობილი მოზრდილი ნატეხების სახით, რკინის ხანის შენობაშიც აღმოჩნდა.

ამ ადგილზე ისინი, რიყის ქვებთან ერთად, რკინის ხანის ღუმლის ერთ-ერთი ნაწილის დანიშნულებას ასრულებდა.

ექსპედიციამ, ნამოსახლარის გათხრების პარალელურად, გუდაბერტყას მიმდებარედ არსებულ სამარხებზე გადარჩენითი სამუშაოებიც ჩაატარა.

საველე სამუშაოების დაწყებამდე მუშაობა გორის მუნიციპალიტეტის სერგო მაკალათიას სახელობის ისტორიულ - ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულ ფოტო და გრაფიკულ დოკუმენტაციაზე მიმდინარეობდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები