ახალი ამბები
გუბერნატორის მოადგილის აზრით, საახალწლო პერიოდში ვაქცინაციის შემცირება ალკოჰოლის მიღების სურვილმა გამოიწვია
,,ვაქცინაციის შემცირება გამოწვეულია იქიდან, რომ საახალწლო დღესასწაულები დაემთხვა და ვაქცინამდე, მოგეხსენებათ, რამდენიმე დღე ადამიანს ალკოჰოლი არ უნდა გქონდეს მიღებული; ვაქცინაციის შემდგომ კიდევ არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი. ქართველები ვართ და გვიწევს ალკოჰოლის მიღება, ვუფრთხილდებით თავს, რომ მერე უარყოფითი შედეგი არ გამოიწვიოს ვაქცინაციამ. მე ვფიქრობ, რომ ამ რიცხვის შემცირება გამოწვეულია აქედან'' - აცხადებს შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე სიმონ გულედანი.

ის რეგიონში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას უწევს კოორდინირებას, ხოლო ეს განცხადება ადგილობრივ ტელეკომპანიის ეთერში გააკეთა.

შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე სიმონ გულედანი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ძველით ახალი წლის პერიოდში თავი შეიკავონ თავშეყრის ადგილზე მისვლისგან.

მისი თქმით, კორინავირუსის ახალი შტამის გავრცელება შეიძლება დიდი იყოს, თუ არ დავიცავთ სტანდარტებს.

,,თუ ჩვენ არ დავიცავთ სტანდარტებს, ისე მოვიქცევით, რომ ხელი არ შევუწყოთ გადადებას, პანდემია ბევრად უფრო მალე მორჩება. უპირველესი არის ვაქცინაცია. როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, ამას ერთადერთი წინააღმდეგ ბრძოლაა ბუსტერდოზაა. ვინც არის ორჯერ აცრილი, მესამედ აიცრას. რაც იქნება ფაქტი და რეალობა, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ.'' - აცხადებს გუბერნატორის მოადგილე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები