ახალი ამბები
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები C ჰეპატიტის პროგრამით ვერ სარგებლობენ

პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირები ,,c" ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამით" ვერ სარგებლობენ.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებაა, რომ დაიცვას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობა და სოციალური უფლებები, უზრუნველყოს სამედიცინო დახმარება ყველასათვის განსხვავების გარეშე.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა წინადადებით საქართველოს პრემიერ მინისტრს მიმართ, რათა პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებს ,,c" ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის უფლება მისცეს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ და უფლებრივ სიტუაციაში უწევთ ცხოვრება. სავალალო მდგომარეობაშია კლინიკები და ამბულატორიები, მცირეა კვალიფიციური ექიმების რაოდენობა. მოსახლეობას უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს საოკუპაციო ხაზის გადმოსაკვეთად.

სახალხო დამცველი აცნობიერებს, რომ სხვა ჯანდაცვის პროგრამებთან შედარებით ,,c"ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა გაცილებით ძვირადღირებულია და მეტი უსაფრთხოების ზომების დაცვას მოითხოვს, თუმცა, ასევე გასათვალისწინებელია, რომ პირადობის ნეიტრალური დოკუმენტი გაცემულია სახელმწიფო ორგანოს მიერ, რაც ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობას ამ დოკუმენტის გაცემასა და თვით დოკუმენტის მფლობელზე.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა პრემიერ მინისტრს შეისწავლოს ეს საკითხი უზრუნველყოს ცვლილებების შეტანა 2015 წლის 20 აპრილს საქართველოს მთავრობის №169 დადგენილებში - "ჩ ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის" შესახებ.



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები