ახალი ამბები
ახალგორის რაიონში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
ახალგორის რაიონში რუსეთის სამხედროებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, დაკავებულები არიან 1999 წელს დაბადებული ბეჟიტაშვილი ნ. და 1980 წელს დაბადებული ელიზბარაშვილი კ.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ,,კგბ'' აცხადებს, რომ დაკავებულებს ახალგორის რაიონში უნებართვოდ შეჰქონდათ საყოფაცხოვრებო ნივთები და პროდუქტები შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

შემთხვევა ახალი წლის წინა დღეს, 2021 წლის 30 დეკემბერს მოხდა.

როგორც ,,კგბ'' იტყობინება, ე,წ, კონტრაბანდულ საქმიანობაში ჩართულები იყვნენ ასევე ის პირებიც, რომლებიც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები არიან. კგბ-მ მათ მიმართაც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, როგორც კგბ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გაქცევა მოასწრო ერთმა მოქალაქემ - 1977 წელს დაბადებულმა დ. მიშელაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები