ახალი ამბები
პროკურატურა ,,ოცნების'' გორის ორგანიზაციის ლიდერის დასჯას 3 მუხლით ითხოვს
გორის სასამართლოში ფარნა მახოხაშვილის სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაიწყო. პროკურატურამ წინასწარი გამოძიება დაასრულა და მახოხაშვილს ბრალი 3 მუხლით წაუყენა:

ესენია:

- 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა,არასრულწლოვნის თანდასწრებით.

- 150-ე მუხლის 1-ელი ნაწილი - ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

- 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტი - სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

მახოხაშვილი გირაოთია გათავისუფლებული (შესწორება - თავდაპირველ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა).

ფარნა მახოხაშვილი, რამდენიმე წელია, ,,ქართული ოცნების'' გორის ორგანიზაციის გამორჩეული და აქტიური წევრია. ის ხშირად იღებს მონაწილეობას აქციებში, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის'' წინააღმდეგ იმართება.

ფარნა მახოხაშვილი 2019 წელს დაუპირისპირდა ასევე იმ პერიოდში დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს. ელისაშვილი გორის მაშინდელი მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის საქმიანობის შესახებ, აქციებს მართავდა.

ბოლო საპროტესტო აქცია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გამართა, გორის შესასვლელში ცოცხების აქცია იყო. მისი ორგანიზებით, დასავლეთ საქართველოდან მომავალ კოლონას გორში ცოცხებით დახვდნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები