ახალი ამბები
გორის ახალმა დარბაზმა ALL STAR-ს უმასპინძლა
სუპერლიგის 2022 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციას გორმა უმასპინძლა. მაღალი დონის კალათბურთელები აქ უკვე მეორედ შეიკრიბნენ.

რეგიონში სუპერლიგის ოლ სტარი პირველად 2020 წელს გაიმართა, როცა მატჩ-აქციას ხაშურმა უმასპინძლა.

ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციის ორგანიზატორი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციაა, ხოლო მხარდამჭერები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, გორის მუნიციპალიტეტის მერია, შიდა ქართლის რეგიონული კალათბურთის ფედერაცია და გორის დარბაზის ადმინისტრაცია.

ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციაში მონაწილეობდნენ ჩირლიდერ გოგონათა გუნდი, რომლებიც კალათბურთელებს თამაშისა და კონკურსებში მონაწილეობისას ამხნევებდნენ. დარბაზში იმყოფებოდნენ საქართველოს ნაკრებისა და ქართული კალათბურთის მხარდამჭერი თილისმა – ლომი “ჯეო” და ევრობასკეტ 2022-ის ოფიციალური თილისმა “დიჯეი ბაუნსი”.

ოლ სტარის დაწყებამდე გაჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი, რომელიც მომღერალმა დავით დარბაიძემ შეასრულა. შეხვედრა დატვირთული იყო სხვადასხვა მუსიკალური ნომრებით. გორის ანსამბლის მიერ შესრულდა საცეკვაო ნომრები, ხოლო ადგილობრივმა მომღერლებმა ელენე მარანელმა და შიო კავსაძემ მატჩი სიმღერით გააფორმეს.

ოლ სტარისთვის მონაწილეები სუპერლიგის ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად შეირჩნენ, სათადარიგოები კი მწვრთნელებმა დაასახელეს. ადგილობრივი მოთამაშეების გუნდს თსუ-ს მთავარი მწვრთნელი ლექსო ლაფანაშვილი უძღვებოდა, ხოლო ლეგიონერებს – “ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები