ახალი ამბები
თავმჯდომარის პასუხი კითხვაზე - გადადგები თუ გადაგაყენებენ?
ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე არ გამორიცხავს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვოს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ბიუროს სხდომის დამთავრებისას პაპუნა კობერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია შეიცვლება, შესაძლოა თანამდებობა თავადვე დატოვოს.

პაპუნა კობერიძე არც იმას გამორიცხავს, რომ მის გადაყენებაზე დეპუტატებმავე თქვან უარი.

ამ შემთხვევაში კი, იგი დანარჩენი თანამდებობის პირების იმპიჩმენტის პროცედურებს დაელოდება.

,,თუ არ მოხდა ჩემი გადაყენება, დაველოდები დანარჩენ შედეგებს - მოადგილისა და კომისიის თავმჯდომარის იმპიჩმენტების პროცედურებს და მერე გადავწყვეტ" - განაცხადა პაპუნა კობერიძემ.

არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა საკრებულოს სხდომაზე, რომელიც ხვალ, 2016 წლის 5 თებერვალსაა ჩანიშნული, დეპუტატების გარკვეული ნაწილი სხვადასხვა მიზეზების გამო, არ გამოცხადდნენ.

პაპუნა კობერიძე თვლის, რომ თავისი ბუნებიდან გამომდინარე ხელმძღვანელ თანამდებობაზე ვერ იმუშავებს იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც შესაძლოა მოადგილედ და კომისიის თავმჯდომარეებად აირჩიონ.

საკრებულოს შემადგენლობა 15 წევრისგან შედგება. აქედან ,,ქართული ოცნება" უმცირესობაშია. იმპიჩმენტის მომხრე დეპუტატების რიცხვი კი, 8-ს აღწევს.

ვიდეო გადაღებულია მობილურით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები