ახალი ამბები
დაპირისპირება ბიუროზე - იმპიჩმენტის დღეს თანამდებობებზე არავის აირჩევენ
ქალაქ გორის საკრებულოს წევრმა ილია მეტრეველმა ბიუროს სხდომიდან მერიის იურისტის გიორგი ბატონისაშვილის გაძევება მოითხოვა.

ამის შესახებ მობილურით ვიდეომასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა გადაიღეს.

სხდომა, რომელიც ნებისმიერი პირისთვის ღიაა და საჯარო, საკრებულოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირების იმპიჩმენტის პროცედურებსაც ეხებოდა.

2016 წლის 5 თებერვალს საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და მუდმივმოქმედი 4 კომისიის თავმჯდომარის გადაყენება იგეგმება.

ილია მეტრეველი, რომელიც ,,ქართული პარტიის" წარმომადგენელია, აცხადებს, რომ ახალი თანამდებობის პირები იმავე დღესვე, 5 თებერვალს უნდა აირჩეს.

დღის წესრიგში კი, ბიუროს წევრთა უმრავლესობამ, თანამდებობებზე ახალი წევრების არჩევის შესახებ, საკითხი არ შეიტანეს.

იურისტი გიორგი ბატონისაშვილი ამტკიცებს, რომ არაა აუცილებელი თანამდებობებზე ახალი წევრები იმავე დღესვე აირჩეს.

,,ეს შესაძლებელია ორ დღეშიც მოხდეს" - გვითხრა ბატონისაშვილმა.

სწორედ, ბატონისაშვილის ინიციატივა იყო, რომელიც ,,ქართული პარტიის" წარმომადგენელმა გააპროტესტა.

ილია მეტრეველი ირწმუნება, რომ ახალი პირების არჩევის საკითხს იმავე 5 თებერვლის სხდომაზე მაინც დააყენებს.

გორის საკრებულოში 15 წევრია. აქედან, იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება 8 დეპუტატმა მოითხოვა, რაც საკითხის მათთვის სასურველი შედეგის დასადგომად, საკმარისია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები