ახალი ამბები
ეკონომიკის მინისტრად ლევან დავითაშვილი დანიშნეს - სამთავრობო ცვლილებები
ეკონომიკის მინისტრად ლევან დავითაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ლევანი იყო წარმატებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და მან ბევრი წარმატებული რეფორმა განახორციელა ამ სფეროში.

,,მჯერა, რომ იქნება წარმატებული ეკონომიკის მინისტრი. მას ასევე შეუნარჩუნდება ვიცე-პრემიერის პოსტიც"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ნათია თურნავას, ღარიბაშვილის განცხადებით, ის ,,ქართული ოცნების'' გუნდში რჩება, თუმცა თურნავამ ჟურნალისტების კითხვას არ უპასუხა, თუ სად აპირებს მუშაობის გაგრძელებას. თურნავა განმარტავს, რომ სფეროს გამოცვლას აპირებს.

"მაქვს სურვილი შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ძალები, ვიხილვათ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა ჯერ არ არის. როგორც კი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, გავანდობ საზოგადოებას"-განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ამ პოსტზე ღარიბაშვილმა ოთარ შამუგია წარადგინა. ღარიბაშვილის თქმით, შამუგია სოხუმიდანაა და ის ამ პოსტზე დანიშვნამდე დავითაშვილის მოადგილე იყო.

"ოთარი არის სოხუმიდან, დევნილობაში ცხოვრობდა ზუგდიდში, შემდეგ კი თავისი კეთილსინდისიერი შრომით მიაღწია მინისტრობას. 16 წელი იმუშავა სოფლის მეურნეობის სამინისტროში და მჯერა, რომ წარმატებული მინისტრი იქნება. ჩვენი მთავარი ამოცანა ეკონომიკის გაძლიერება, სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის დაძლევაა და ამ მიმართულებით ვიმუშავებთ უახლოეს მომავალში"- განაცხადა ღარიბაშვილმა ბრიფინგზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები