ახალი ამბები
რუისსა და ურბნისში ,,ლელოს'' წარმომადგენლებს წყალმომარაგების პრობლემებზე ესაუბრნენ
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში - რუისსა და ურბნისში ,,ლელოს'' წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს.

როგორც მოძრაობის ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, მოსახლეობა მათ წყალმომარაგებისა და ინფრასტრუქტურის პრობლემებზე ესაუბრა:

,,მიუხედავად იმისა, რომ რუისი და ურბნისი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სოფლებია, არ აქვთ წყალი და არ არის კანალიზაციის გაყვანილობა. სოფლის მოსახლეობა წყალს ძირითადად ინდივიდუალურად მოწყობილი ჭებიდან იღებს. ამ სოფლებში ბუნებრივად მოპოვებულ წყალში ჭარბია მარილის შემცველობა, რაც მოსახლეობაში თირკმლების დაავადებას იწვევს და როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელში ყოველი მეორე ბავშვი და ზრდასრული, დაბინძურებული წყლით გამოწვეული დაავადებებით არიან ავად. პარადოქსულია, რომ სულ რაღაც 3-5 კილომეტრში დიდი დებეტით მოიპოვება წყალი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებდა ადგილობრივ მოსახლეობას. თუმცა ვერც ადგილობრივმა და ვერც ცენტრალურმა ხელისუფლებამ წლებია ვერ მოახერხა 5 კილომეტრი წყლის მილის გაყვანა, რათა მოსახლეობამდე სუფთა წყალი მიიყვანოს.'' - აღნიშნავს მამუკა ხაზარაძე.

მისი განმარტებით, მსგავსი პრობლემები მთელს საქართველოშია. რეგიონები მიტოვებულია, სოფლის მოსახლეობა ყურადღების გარეშეა დარჩენილი.

,,რაში იხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტი გაურკვეველია. აქ ადამიანებს ელემენტარული საკითხები აქვთ გადასაჭრელი. ეს არის თანამდებობრივი გულგრილობა, არაპროფესიონალიზმი და მავნებლობა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით დავეხმაროთ ადამიანებს, ვაიძულოთ ხელისუფლება გაითვალისწინოს მათი მოთხოვნები და შეასრულოს დანაპირები. კამპანია, რომელიც "ლელომ" წამოიწყო #თქვენთანერთად ინტენსიურად მუშაობს მთელი საქართველოს მასშტაბით. პრობლემები იდენტიფიცირებულია, ახლა ჩვენი საპარლამენტო და საკრებულოს წარმომადგენლობები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მთავრობა გახადონ იძულებული საკუთარი მოვალეობა შეასრულოს.'' - აღნიშნავს ხაზარაძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები