ახალი ამბები
,,ვიღაცას აქ დაძინება უნდოდა'' - რა მოხდა გორის სასწრაფოს შენობაში
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა დაადგინეს იმ პირის ვინაობა, ვინც გორის სასწრაფო დახმარების ბრიგადის ცენტრის შენობის კარი დააზიანა.

შემთხვევა 13 თებერვალს, შუაღამეს მოხდა. იმ დროისთვის დაუდგენელმა პირმა კარის გაღება სცადა, თუმცა ეს რომ ვერ შეძლო, მინა დააზიანა.

როგორც სამედიცინო ცენტრში qartli.ge-ს განუცხადეს, ფაქტი არ უკავშირდება სამედიცინო ცენტრის საქმიანობას, ან ქურდობის მცდელობას:

,,ეს პიროვნება სავარაუდოდ ნასვამი იყო, შესაძლოა, აქ შემოსვლა უნდოდა, სავრაუდოდ დასაძინებლად. რომ ვერ გააღო კარი, ფეხი დაარტყა და შუშა დაზიანდა. არც შემოსულა შიგნით. შუშა არ ჩამტვრეულა და როგორ შემოვიდოდა?'' - გვითხრა სასწრაფო სამედიცინო ცენტრის წარმომადენელმა.

ამჟამად, დაზიანებულ კარს საკუთარი სახსრებით აღადგენენ. ,,ეს ნამდვილად არ უკავშირდება ჩვენს საქმიანობას; არც იმას, თითქოს ვინმე გამწარებული პაციენტის ოჯახის წევრი მოვიდა და დააზიანა. არა, ეს იყო, როგორც დაადგინეს, ჩვენს ზუსტად არ ვიცით, გამვლელი ნასვამი ადამიანი, რომელსაც სავარაუდოდ აქ დაძინება უნდოდა. პოლიციამ უკეთესად იცის.'' - გვითხრეს სამედიცინო ცენტრში.

პოლიცია მხოლოდ იმას აცხადებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება ქონების დაზიანების მუხლით.







Print

სტატიის გამოყენების პირობები