ახალი ამბები
გორის ნაგავსაყრელი დაიხურება 2023 წელს - ტერიტორიას გოლფის მოედნისთვის შეინახავენ
გორში, ნაგავსაყრელი 2023 წელს დაიხურება. ამის შესახებ გორში ყოფნისას ნარჩენების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა მედეა ჩაჩხიანმა განაცხადა.

ის გორში მაშინ იმყოფებოდა, როდესაც ქალაქის განაშენიანების გეგმაზე მომუშავე ექსპერტებს შეხვდა. ამ სხდომის ოქმის მიხედვით, გორის ნაგავსაურელი აუცილებლად დაიხურება 2023 წელს.

,,გორის ნაგავსაყრელი დაიხურება შიდა ქართლის პროექტის ფარგლებში, თუმცა როგორი ფორმით და ვადებში მოხდება პროექტის განხორციელება, ჯერ-ჯერობით უცნობია. მიუხედავად ამისა, დღის წესრიგში დგას მისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება'' - აღნიშნა სააგენტოს წარმომადგენელმა მედეა ჩაჩხიანმა შეხვედრაზე. ის ამ სააგენტოს გარემოს დაცვის განყოფილების უფროსია.

მისი ინფორმაციით, ახალი რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის შეირჩევა რამდენიმე ადგილი. რაც შეეხება ძველ ადგილს, ის შესაძლოა გამოყენებულ იქნეს გოლფის მოედნისთვის.

,,აუცილებლად გასათვალისწინებელი იქნება ის, რომ დაახლოებით 30 წლის განმავლობაში ეს ადგილი იქნება დაკვირვების ფაზაში. 30 წელი წერია ევროდირექტივაში, თუმცა ნარჩენების მართვის კოდექსში ზუსტი ვადა არ არის მითითებული და ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სამინისტრო მიიღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას. გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული დახურვის და დახურვისშემდგომი მოვლის დოკუმენტაციაში განსაზღვრული იქნება გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმის ფარგლებში. გარკვეული წლების შემდეგ ეს ადგილები შეიძლება გამოყენებული იქნეს სარეკრეაციო ზონებისთვის - გოლფის მოედნისთვის'' - განაცხადა მედეა ჩაჩხიანმა.



შიდა ქართლში ჩატარებული ნარჩენების მორფოლოგიური კვლევის მიხედვით, ნაგავსაყრელის შემადგენლობაში ორგანული ნარჩენების რაოდენობა 40%-ს აღემატება.

,,ნაგავსაყრელი წარმოადგენს მეთანის ემისიის წყაროს და საჭირო იქნება ემისიების კონტროლი დახურვის და დახურვისშემდგომ ფაზებზე სამინისტოსთან შეთანხმებული პერიოდის განმავლობაში, ამიტომ ეს შეიძლება გაგრძელდეს 5,10 ან 20 წელი. ზუსტი ვადები ჯერ უცნობია.'' - აღნიშნავს ჩაჩხიანი.

ქალაქის განაშენიანების გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა ნახეს, რომ დაყრილი ნაგავი სცდება კანონით განსაზღვრულ 500 მ-იან ბუფერულ ზონას, ანუ მთლად საზღვარი არ არის დაცული. ხომ არ არსებობს რაიმე რეკომენდაცია, აქედან ხომ არ უნდა იყოს ათვლილი ნაგავსაყრელის ტერიტორია?

ამ კითხვაზე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა უპასუხა, რომ თუ მსუბუქი ფრაქციების გაფანტვა ხდება ნაგავსაყრელიდან მის გარე პერიმეტრს შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის'' ადგილობრივი თანამშრომლები ასუფთავებენ. ხოლო თუ საუბარია ნაგავსაყრელის გარეთ სტიქიური ნაგავსაურელების დასუფთავებაზე, ეს უკვე მუნიციპალიტეტის ვალდებულებაა.

კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი რომ გორის არსებული ნაგავსაყრელი გახდეს რეგიონალური ნაგავსაყრელი. ,,გადამტვირთი სადგურებისთვის'' უნდა გამოიყოს თუ არა მიწები, სამინისტორს წარმომადგენელმა უპასუხა:

,,ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელი ლოკაცია შეირჩევა ახალი რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის. ლოკაციების შერჩევის დროს ჩვენი კომპანიის მხრიდან უპირატესობა ენიჭება ძველ დაბინძურებულ ტერიტორიებს, თუმცა ამ ეტაპზე გორის პოლიგონთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული ინფორმაციის მოწოდება შეუძლებელია'' - აღნიშნა ჩაჩხიანმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები