ახალი ამბები
პარლამენტში მუშაობენ ახალ კანონპროექტზე - "შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ"
პარლამენტში მუშაობენ ახალ კანონპროექტზე - "შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ", - ინფორმაციას თბილისის მერი, კახი კალაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი განცხადებით, ახალი კანონი დაარეგულირებს შემდეგ საკითხებს:

ცხოველთა არაკონტროლირებადი გამრავლება; მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება; ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა და მათი ორთაბრძოლები; ცოფისა და ცხოველთა გადამდები სხვა დაავადებების გავრცელების პრევენცია; ცხოველების მოვლა-პატრონობის წესები; ცხოველების მომშენებლებისა და სავაჭრო ობიექტების საქმიანობა. კანონპროექტით იქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტებში ამ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები ეფექტურად გადაიჭრას.

,,მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირება მხოლოდ ჰუმანური, მსოფლიოში აპრობირებული ერთადერთი ეფექტური მეთოდით - სტერილიზაცია/კასტრაციის გზითაა შესაძლებელი. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. გასულ წელს სააგენტომ 6 000-მდე ცხოველი გაასტერილა, მაგრამ საჭიროა, ამ საკითხის ცენტრალიზებულად, კომპლექსური გადაწყვეტა. გარდა ამისა, დაგეგმილია, რომ კანონპროექტმა სპეციალური ნებართვით დაარეგულიროს ცხოველის გამრავლება და მისი კომერციული მიზნით მოშენება.'' - აღნიშნავს კალაძე.

კალაძე განმარტავს, რომ დღეს არსებული მდგომარეობით, არ არსებობს ცხოველთა აღრიცხვის ერთიანი ბაზა.

,,კანონპროექტი ითვალისწინებს, ქვეყნის მასშტაბით, ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას, სადაც ყველა მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად განაახლებს მონაცემებს. აღნიშნული მექანიზმით, მუნიციპალიტეტების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი იქნება მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის ეფექტური მართვა.'' - აცხადებს თბილისის მერი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები