ახალი ამბები
უკრაინა ევროკავშირს დაუყოვნებელ გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიმართავს
უკრაინა ევროკავშირს მიმართავს ახალი სპეციალური პროცედურის მიხედვით დაუყოვნებელ გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.

„მივმართავთ ევროკავშირს უკრაინის დაუყოვნებლივ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ახალი სპეციალური პროცედურით… დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას ვიმსახურებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია“, — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„უკრაინელებმა დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ჩვენ ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი ვართ. ამის ქაღალდზე გადატანის დრო დადგა. უკრაინა აკეთებს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს სპეციალური პროცედურის მიხედვით. ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერისთვის და სწრაფი გადაწყვეტილებისთვის“, — წერს „ტვიტერზე“ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა უკრაინის ევროპულ პერსპექტივაზე.

„ჩვენ უკრაინასთან გვაქვს გარკვეული პროცესი. მაგალითად, უკრაინის ბაზრის ინტეგრაცია ევროპულ ბაზარში. ძალიან ახლო თანამშრომლობა გვაქვს, მაგალითად, ენერგეტიკის სფეროში. ძალიან ბევრი სფეროა, სადაც ერთად, ძალიან ახლოს ვმუშაობთ და ცხადია, გარკვეული პერიოდის მერე ისინი ჩვენთან იქნებიან. ის [უკრაინა] ერთ-ერთი ჩვენგანია და ჩვენ გვსურს მათთან“, — თქვა ლაიენმა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ აქტიურად უტევს სხვადასხვა ქალაქს, მათ შორის, კიევს. უკრაინის შსს-ს ცნობით, რუსეთის დაწყებულ ომს უკვე ემსხვერპლა 350-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 14 ბავშვი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები