ახალი ამბები
რა ცვლილებებით დამტკიცდა გორის ბიუჯეტი
გორის ბიუჯეტი, რომელიც გუშინ დაამტკიცეს, შემოსულობების კუთხით, 15 მლნ 382 000 ლარზეა გათვლილი.

ამჯერად, მთავარ საფინანსო დოკუმენტს, თავდაპირველი ვერსიით, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის გუნდის წევრი, ილია მეტრეველი მოაწერს ხელს, რომელსაც ბიუჯეტისთვის ხმა არ მიუცია.

ეს ბიუჯეტი 2015 წლის დეკემბერში ორჯერ ჩავარდა.

ოპოზიციურ რვიანს, რომელმაც გორის საკრებულოში იმპიჩმენტი მოაწყო და ხელისუფლება შეცვალა, გორის საფეხბურთო კლუბ გორის ,,დილას" გაზრდილი დაფინანსება, ტურისტული ცენტრისა და სხვა აიპიების საქმიანობისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობა არ მოსწონდა.

ორჯერ ჩავარდნის შემდეგ, სპეციალურად შექმნილმა შემათანხმებელმა ჯგუფმა მესამე ვარიანტი მოამზადა.

როგორც კი, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი 5 თებერვალს წარმატებით დასრულდა, ბიუჯეტი დამტკიცდა.

ბიუჯეტის მესამე ვარიანტში ცვლილება, მხოლოდ, 130 000 ლარის ფარგლებში განხორციელდა.

კერძოდ, გორის ,,დილას" 50 000 ლარი, ხოლო ტურისტულ ცენტრს ე.წ. ,,ჰოსტელის" ასაშენებლად გათვალისწინებული 80 000 ლარი მოაკლეს.

ეს თანხა შემდეგ სფეროებზე გადაანაწილეს:


გაიზარდა:

1. დეფექტური აქტების, პროექტების და ხარჯთაღრიცხვების მომსახურების დაფინანსება-არაფინანსური აქტივების ზრდა - 15 000 ლარი

2. სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა-სუბსიდია - 51 000 ლარი

3. კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობის და თანადაფინანსების პროგრამა-სუბსიდია - 29 000 ლარი

4. სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლი „გორი“-სუბსიდია - 15 000 ლარი

5. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში ფულადი დახმარება-სოციალური უზრუნველყოფა - 20 000 ლარი




ჯამში, გორის ბიუჯეტის შემოსულობები, წელს, 15 მლნ 382 000 ლარზეა გათვლილი.

აქედან ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე 1 მლნ 324 000 ლარია გამოყოფილი. 2015 წელს 4 მლნ 100 000 ლარი იყო.

დასვენება და კულტურა იგივე 5 მლნ 892 000 ლარი დარჩა.

დამტკიცებულ ბიუჯეტში გაზრდილია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსება. კერძოდ, შარშანდელი 890 000 ლარიდან თანხა 932 000 ლარამდე ავიდა.

ბიუჯეტის სრული ვერსია საკანონმდელო მაცნეში უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

როგორც ცნობილია, საკრებულოს ოპოზიციურმა რვიანმა გუშინ,  იმპიჩმენტის გზით, 6 თანამდებობა გაათავისუფლა, სულ 7-დან.

ახალი ხელმძღვანელი პირები, მიმდინარე წელს, ამ თანხის ათვისებაზე პასუხისმგებლობას აიღებენ. 

2016 წლის 5 თებერვალს ქალაქ გორის საკრებულოს 9 წევრმა მესამედ წარდგენილ ბიუჯეტის ახალ პროექტს მხარი დაუჭირა.

წინააღმდეგი 6 წევრი წავიდა.

მოწინააღმდეგეებს შორის, ქართული პარტიის 4 წარმომადგენელია: ილია მეტრეველი, გიორგი ამბოკაძე, რამაზ იოსელიანი, ლერი ლაფაჩი.

მათ ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთი წარმომადგენლის, მინდია გოდერძიშვილისა და ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატები-გორელების" წარმომადგენლის დავით წეწვაძის ხმებიც მიემატა.

რაც შეეხება მომხრე 9 წევრიდან, 2016 წლის ბიუჯეტს, მხარი კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრებმა: პაპუნა კობერიძემ, ნინო ზურაბიშვილმა, ვანო ჩხიკვაძემ, მერაბ მაისურაძემ, დავით რაზმაძემ, ასევე, ბურჯანაძე-დემოკრატიული საქართველოსთვის წევრმა ზურაბ როსებაშვილმა და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა ზაზა მეზვრიშვილმა დაუჭირეს.

მხარდამჭერთა რიცხვი ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატები - გორელების" წევრების - თამარ თედლიაშვილისა და სოსო ფალელაშვილის ხმების წყალობით 9-მდე გაიზარდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები