ახალი ამბები
ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს საქართველოს პრემიერმა ხელი მოაწერა
"ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს" - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიდეომიმართვისას თქვა და დოკუმენტს ხელი მოაწერა.

"ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე - ეტაპი, რომელიც ჩვენი ისტორიის ახალ ფურცელს შლის და აგრძელებს ჩვენი წინაპრების ძალისხმევას, რომელიც საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ იყო მიმართული. საქართველო არის ევროპული სახელმწიფო; ჩვენი ქვეყანა, საკუთარი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის მიეკუთვნებოდა ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის სივრცეს და დღესაც თავისი ღირებული წვლილი შეაქვს მის დაცვასა და განვითარებაში. ევროპელობა სხვა არაფერია თუ არა იმ ღირებულებებისა და ფასეულობების ერთობლიობა, რომელიც ქმნის ევროპას. თვით საქართველოს ისტორია, რომელიც თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაა, არის დასტური იმისა, რომ ეს ფასეულობები ქართველი ადამიანის ბუნებაშია და მაშასადამე, განუყოფელია" - თქვა ღარიბაშვილმა.

გუშინ, ,,ქართული ოცნების" პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად დაუყოვნებლივ წარადგინოს. პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო ამას 2024 წელს გეგმავდა და გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით განაცხადის გაკეთებაზე მსოფლიოში შეცვლილი ვითარებით არის განპირობებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები