ახალი ამბები
ერგნეთში 105-ე შეხვედრა გაიმართა - მხარეებმა დაკავებების გაზრდილ რაოდენობაზე გაამახვილეს ყურადღება
დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 105-ე შეხვედრა გაიმართა.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, მხარეებმა ისაუბრეს დაკავებების გაზრდილ რაოდენობის შესახებ, რომელიც ბოლო კვირებში დაფიქსირდა. მხარეებს, დაკავების ყველა საქმეზე, ჰუმანიტარული მიდგომისკენ მოუწოდეს, ასევე ურჩიეს, რომ გამოიჩინონ მეტი ძალისხმევა იმისათვის, რომ მოსახლეობას გადაადგილებისას მეტი თავისუფლება ჰქონდეთ.

შეხვედრაზე მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს დაკავების მიმდინარე შემთხვევებზე და იმსჯელეს იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს გამშვები პუნქტების დახურვა, ასევე COVID-19 პანდემია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებზე. მათ ასევე განიხილეს  „ბორდერიზაციის“ შემთხვევები, ასევე ჩორჩანა-წნელისის მიდამოში არსებული ვითარება.

თანაფასილიტატორებმა მხარი დაუჭირეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის წვდომას რელიგიურ ადგილებსა და სასაფლაოებზე. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ახლოვდება სააღდგომო დღესასწაულები.

სხდომას თანათავმჯდომარეობას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლი სამხრეთ კავკასიაში, ელჩი ვიორელ მოშანუ უწევდნენ. 

ელჩმა შჩიგელმა მონაწილეებს მოუწოდა, შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ყოველგვარი ნაბიჯების გადადგმისგან თავი შეიკავონ, რომელიც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობის მდგომარეობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე.

მან მოუწოდა მხარეებს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი, ნებისმიერი შემაშფოთებელი საკითხის მოსაგვარებლად, აქტიურად გამოიყენონ და დაგეგმილ აქტივობების შესახებ მისიის წარმომადგენლებს წინასწარ აცნობონ.

IPRM შემდეგი შეხვედრა 2022 წლის 12 აპრილს გაიმართება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები