ახალი ამბები
,,ეს იქნება სინათლის გამარჯვება სიბნელეზე'' - ზელენსკიმ თბილისში შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა
,,ეს იქნება სინათლის გამარჯვება სიბნელეზე, თავისუფლების მონობაზე'' - მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თბილისში რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს.

ზელენსკიმ ევროპის კიდევ 6 ქალაქში შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა. ზელენსკის გამოჩენას შეკრებილები ოვაციებით შეხვდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გაუდახადა ხალხს და განაცხადა, რომ სურს თავისი სამწუთიანი გამოსვლის პირველი წუთი დაუთმოს დაღუპული სამხედროების, პოლიციის, მესაზღავრეების და დაზვერვის თანამშრომლების ხსოვნის პატივისცემას.

"მეორე წუთის განმავლობაში მინდა წუთიერი დუმილით პატივი მივაგო ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების და ბავშვების ხსოვნას. მინდა მოგმართოთ თქვენ - ევროპის ხალხს. ნუ გაჩუმდებით, გამოდით ქუჩაში და მხარი დაუჭირეთ უკრაინას. მხარი დაუჭირეთ ჩვენს თავისუფლება, ვინაიდან ეს არის გამარჯვება, გამარჯვება არა მხოლოდ რუსეთის მეომრებზე, თუ ჩვენ გავიმარჯვებთ და დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ, ეს იქნება მთელი დემოკრატიული სამყაროს გამარჯვება, ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, ეს იქნება სინათლის გამარჯვება სიბნელეზე, თავისუფლების მონობაზე და თუ დაეცა უკრაინა, დაეცემა მთელი ევროპა. ჩვენ თუ გავიმარჯვებთ, ისევე აყვავებული ვიქნებით, როგორც ევროპა და ევროპა კიდევ უფრო აყვავდება ამ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, დიდება უკრაინას. ფრანკფურტი, პრაღა, ბრატისლავა, ლიონი, პარიზი, თბილისი, ვილნიუსი, ყველა დღეს უკრაინელები ხართ, მადლობა ამისთვის", – თქვა ზელენსკიმ.

თბილისში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ყოველდღე იმართება უკრაინის მხარდამჭერი აქციები სხვადასხვა ფორმატში.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია 24 თებერვალს დაიწყო. მალევე დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს უკრაინაში ომის დაწყების გამო. რუსეთი ამ დრომდე თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ბომბავს ქალაქებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს.

ფოტო: ანო ბალიაშვილი
Print

სტატიის გამოყენების პირობები