ახალი ამბები
ქალი მეწარმეები გორში უკრაინის მხარდასაჭერ გამოფენა-გაყიდვას გამართავენ
გორში, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ადგილობრივი ქალი სოციალური მეწარმეები გამოფენა-გაყიდვას გამართავენ.

ღონისძიება მერაბ კოსტავას ქუჩაზე, შადრევანთან 13:00 საათიდან დაიწყება. მას ორგანიზებას CENN უწევს, ევროკავშირის მხარდაჭერითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასთან პარტნიორობით,

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 15 ადგილობრივი ქალი, რომლებიც გამოფენენ ხელნაკეთ თუ სხვა ტიპის ნივთებს, საკვებ პროდუქტებს, მცენარეებს და სხვ.

გამოფენა-გაყიდვის მიზანი, ერთი მხრივ, უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატვა, მეორე მხრივ კი, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალი მეწარმეების მხარდაჭერა და მათი საქმიანობის პოპულარიზაციაა.

ღონისძიება ინიცირებულია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეგიონალური პროექტის "EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF (საქართველო) და Green Lane NGO (სომხეთი) ერთად.
Print

სტატიის გამოყენების პირობები