ახალი ამბები
ცხინვალში საავადმყოფოს შენობის მშენებლობა განახლდა
ცხინვალში უახლოეს ხანებში ბავშვთა საავადმყოფოს ახალი შენობა გაიხსნება.

ამის შესახებ ვრცელ სტატიას გაზეთი ,,სამხრეთ ოსეთი" აქვეყნებს.

გაზეთის ცნობით, საავადმყოფო 2011 წლიდან შენდება.

ამჟამად, სამუშაოებს ჩრდილოეთ ოსეთის სამშენებლო კომპანია «Спецтепломонтаж» აწარმოებს.

,,ეს ობიექტი არის ერთერთი იმ შენობათაგანი, რომელიც წლებია შენდება. მისი მშენებლობა 2011 წელს დაიწყო, რომელსაც ფირმა ,,ლეია“ ახორციელებდა." - იუწყება გაზეთი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ,,ლეიას" მიერ დაწყებული მშენებლობა, საპროექტო დოკუმენტაციის არარსებობის გამო, გასული წლის ზაფხულს შეჩერდა და დაფინანსება შეუწყდა.

პირველი მშენებლების დროს სამი სართული აშენდა, თუმცა ორი წლის განმავლობაში შენობას სახურავი არ გადააფარეს.

ახალი სამშენებლო კომპანიის მშენებლები იძულებული გახდნენ, რომ უკვე აშენებულ კორპუსში შიდა კედლების დემონტაჟი მოეხდინათ,  რამდენიმე ოთახიც დაამატეს.

დღეის მდგომარეობით, შენობა გადახურულია და ძალიან მალე ახალი მიშენებული ნაწილიც გადაიხურება. მიმდინარეობს შიდა სამუშაოები.

მშენებლობაში 75 ადამიანია დასაქმებული. მათ შორის, როგორც ჩრდილოეთ ოსეთიდან, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლები.

გაზეთი, ასევე, კიდევ ორი დაუმთავრებელი შენობის შესახებ, იუწყება.

,,კერძოდ, დაუმთავრებელია ოთხსართულიანი შენობა, რომელიც საავადმყოფოს მიმდებარე ტეროტორიზე მდებარეობს. სპეციალისტების თქმით, შენობა ავარიულია და მთლიანად უნდა დაინგრეს, ხოლო, მის ადგილზე ორსართულიანი საოპერაციო ქირურგიული კორპუსი უნდა აშენდეს. ახალი კორპუსი შეუერთდება რესპუბლიკურ საავადმყოფოს. საავადმყოფოს ძველი შენობის დემონტაჟის შემდეგ კი, აშენდება სამსართულიანი სამშობიარო სახლი, რადგან ამჟამინდელი სამშობიარო სახლი არ აკმაყოფილებს სამედიცინო ნორებს. ორივე სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა 2017 წელს დასრულდება. საინვესტაციო პროგრამაში ჩადებულია სამედიცინო აპარატურის შეძენა" - ვკითხულობთ გაზეთში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები