ახალი ამბები
რუსეთის პირველი არხის თანამშრომელი 30 000 რუბლით დააჯარიმეს
რუსეთის „პირველი არხის“ თანამშრომელი მარინა ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ადმინისტრაციული საქმე მოსკოვის ოსტანკინოს სასამართლომ განიხილა. ფოტო ტელეგრამზე ბელორუსმა ადვოკატმა ანტონ გაშინსკიმ გამოაქვეყნა.

რუსული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მარინა ოვსიანიკოვას ბრალად დასდეს ქცევის ნორმების დარღვევა საჯარო ღონისძიების დროს.

რუსეთის ,,პირველი არხის'' თანამშრომელი, გადაცემა "ვრემიას" მსვლელობისას, წამყვანის ზურგს უკან ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა.

პლაკატზე ეწერა: "არა ომს, შეაჩერე ომი, არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ გატყუებენ, რუსები ომის წინააღმდეგ".

ფაქტს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ საფრანგეთი მკაცრად გმობს ჟურნალისტების დაკავებას  და მარინა ოვსიანიკოვას თავშესაფარი შესთავაზა:

"ვგეგმავთ გადავდგათ დიპლომატიური ნაბიჯები რათა ოვსიანიკოვას დაცვა შევთავაზოთ საელჩოში ან თავშესაფარში" – თქვა ემანუელ მაკრონმა და აღნიშნა, რომ გეგმავს ჟურნალისტის საკითხი ვლადიმერ პუტინთან მორიგი სატელეფონო საუბრისას დასვას.

Print

სტატიის გამოყენების პირობები