ახალი ამბები
მელიტოპოლის მერი ტყვეობიდან დაიხსნეს
უკრაინის ქალაქ მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი რუსეთის საოკუპაციო ძალების ტყვეობიდან დაიხსნეს.

ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის და მოადგილის, კირილო ტიმოშენკომ გაავრცელა.

მათი განმარტებით, ფიოდოროვის გათავისუფლების სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. ფიოდოროვი უკვე ესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკის.

მოგვიანებით, უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებმა დააზუსტეს, რომ ფიოდოროვი 9 რუს სამხედროში გაცვალეს.

მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი რუსეთის ჯარებმა 11 მარტს გაიტაცეს.



ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ფიოდოროვს ძალის გამოყენებით ჩამოაცვეს თავზე შავი პლასტიკური ტომარა, ჩასვეს მანქანაში და უცნობი მიმართულებით წაიყვანეს.

ფიოდოროვის გატაცებას მელიტოპოლში საპროტესტო აქციები მოყვა.

აღნიშნული ქალაქი დამეგობრებულია ქალაქ გორთან. დღეს გორიდან ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები