ახალი ამბები
ცხინვალში გამოემშვიდობნენ პირველ ოს ამერიკანისტს - იური გაგლოითს
88 წლის ასაკში გარდაიცვალა მეცნიერი იური გაგლოითი, რომელიც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროს, ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი იყო.

გაგლოითი ბოლო დრომდე ცხინვალში ცხოვრობდა. ის ყოფილმა თანამშრომლებმა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დიდი პატივით დაკრძალეს.

ცხინვალის ამჟამინდელი უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის ასოცირებული პროფესორი კოსტა ძუგაევი ამბობს, რომ იური გაგლოითი იყო პირველი ოსი ამერიკანისტი.

კოსტა ძუგაევის ინფორმაციით, როდესაც იური გაგლოითი, საბჭოთა კავშირის დროს, მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლობდა, უნდა გაეგზავნათ ამერიკაში.

,,მაგრამ ისტორიის შესწავლის დაუძლეველმა სურვილმა და მშობლიური ხალხის სიყვარულმა გაიმარჯვა, დაბრუნდა და დაიწყო მოღვაწეობა ცხინვალში. ცოტა ხნის შემდეგ მისმა პირველმა ნამუშევრებმა მიიპყრო ჩვენი წამყვანი სპეციალისტების ყურადღება. მისი მონოგრაფია "ალანები და ოსების ეთნოგენეზის საკითხები" წარდგენილი იყო საკანდიდატო დისერტაციაზე. გამოქვეყნდა 1966 წელს თბილისში, რაც გასაკვირი იყო, რადგან იმ დროს ძნელი იყო წიგნების გამოცემა", - ამბობს კოსტა ძუგაევი.

1966 წლის ნაშრომში, იური გაგლოითი ავითარებდა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ოსები წარმოადგენენ კავკასიელ ხალხს, რაც ეწინააღმდეგებოდა სხვა ბევრი მეცნიერის შეხედულებას, რომლის მიხედვით, ოსები სკვითებისა და სარმატების შთამომავლები არიან.



 

ფოტოზე: იური გაგლოითი და საქართველოს სსრ-ს განათლების მინისტრი ნათელა ვასაძე

იური გაგლოითი ცხინვალის პედაგოგიური უნივერსიტეტის რეაქტორად 70-იან წლებში მუშაობდა. მას საქართველოს განათლების მაშინდელ მინისტრთან, ნათელა ვასაძესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. გაგლოითს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში მიიწვიეს კიდეც.

90-იან წლებში, რექტორის თანამდებობის შემდეგ, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში გადაიყვანეს სამუშაოდ. იური გაგლოითი ცხინვალში, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები