ახალი ამბები
უკრაინა არ აპირებს მარიუპოლიდან სამხედროების გაყვანასა და რუსეთის ულტიმატუმის შესრულებას
უკრაინა არ აპირებს შეასრულოს რუსეთის ულტიმატუმი, რომლის თანახმად, მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის სანაცვლოდ, ქალაქი უნდა დატოვონ უკრაინელმა სამხედროებმა.

უკრაინის რეინტეგრაციის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“-ს განუცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 8-გვერდიანი წერილი, სადაც არაერთი ბოდვაა, გაეროს და "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსაც" გაუგზავნა მათი მხრიდან უკრაინაზე ზეწოლის იმედით, რაც არ მოხდა.

ვერეშჩუკის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებს ესმით, რომ ეს არის რუსული მანიპულაცია და ადამანების მძევლად აყვანა.

ვიცე-პრემიერის თანახმად, უკრაინა მოითხოვს, რომ რუსმა სამხედროებმა დაუყოვნებლივ გახსნან ჰუმანიტარული დერეფნები, რათა მარიუპოლის მშვდობიანი მცხოვრებნი ზაპოროჟიეში გადაიყვანონ. „ვერანაირ ჩაბარებაზე და იარაღის დაყრაზე საუბარი ვერ იქნება და ეს რუსულ მხარეს უკვე ვაცნობეთ“, - განაცხადა ვერეშჩუკმა.

დანებების შესაძლებლობა უარყვეს მარიუპოლის ადგილობრივ ხელისუფლებაშიც. ამის შესახებ ფეისბუკზე წერს ქალაქის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშჩენკო.

მარიუპოლი, სადაც ომამდე 400 000 მოქალაქე ცზოვრობდა, დღეს ბლოკადაშია.

წყარო: რადიო თავისუფლება
Print

სტატიის გამოყენების პირობები