ახალი ამბები
ევროსასამართლომ დაუშვებლად ცნო საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომზე 370 საჩივარი
2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, - განაცხადა ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა. რატო ბრეგაძის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად ცნო.

ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები საჩივრების აშკარად დაუსაბუთებლობაზე, რადგან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები მომჩივანთა პრეტენზიების გასამყარებლად.

რატი ბრეგაძის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდნენ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.

"აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი მძიმე დარღვევები შეერაცხება რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების კონკრეტულ წარმომადგენლებს. სასამართლოს დღევანდელი განჩინებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრები ამოიწურა და ამ საკითხის ირგვლივ არსებული ყველა დავა დასრულდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 154 საჩივარი, რაც ევროპის საბჭოს წევრობის მანძილზე საქართველოსთვის საუკეთესო მაჩვენებელია", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები