ახალი ამბები
კოკოითი აღშფოთებულია, რომ ბიბილოვის ხელისუფლებაში 10-მე მაღალჩინოსანს საქართველოს მოქალაქეობა აქვს
,,სამხრეთ ოსეთის პარლამენტის 6 დეპუტატს, პარტია "ერთიანი ოსეთის" წევრებს, საქართველოს მოქალაქეობა აქვს'' - განაცხადა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს.

10 აპრილს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. 14 მსურველიდან საარჩევნო კომისიამ 4 კანდიდატი დაამტკიცა. კოკოითი კვლავ საპრეზიდენტო კანდიდატის მიღმა დატოვეს.

ერთ-ერთ კაფეში შეხვედრის დროს, გაღიზიანებულმა კოკოითმა განსაკუთრებული ყურადღება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქმედი პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის მოქალაქეობის შესახებ გაამახვილა.

,,სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დინა გასიევა, სამხრეთ ოსეთის კგბ-ს ოფიცრის მეუღლე, საქართველოს მოქალაქეა. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის 6 დეპუტატს, პარტია "ერთიანი ოსეთის" წევრებს, საქართველოს მოქალაქეობა აქვს. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის 3 თანამშრომელს საქართველოს მოქალაქეობა აქვს. უზენაესი სასამართლოს მაღალჩინოსანს საქართველოს მოქალაქეობა აქვს.'' - აცხადებს კოკოითი.

დინა გასიევა გამოეხმაურა კოკოითის ბრალდებას და მას ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. გასიევას თქმით, მის ძმას, ორი წლის წინ, პეტრე გასიევს ქართული ნომრიდან დაურეკეს და დააშანტაჟეს. პეტრე გასიევმა სამართალდამცავებს მიმართა, თუმცა ვერ დაადგინეს ზარის ავტორის ვინაობა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები