ახალი ამბები
კასპის ხილისა და ბოსტნეულის საწარმომ აშშ-ს მთავრობის დახმარებით ახალი ბაზრები აითვისა
კასპში იმყოფებოდა აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი. ვიზიტის დროს კომპანია „TMT" მოინახულა.

ეს კომპანია, რომელიც 2006 წელს დაფუძნდა, კონსერვირებულ ხილსა და ბოსტნეულს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის აწარმოებს, მათ შორის - ევროკავშირის ქვეყნებისა და შეერთებული შტატებისთვის.

აშშ-ის საელჩომ „TMT"-ს მხარი დაუჭირა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში.

აღნიშნული დახმარებით კომპანიამ შეძლო ახალი დანადგარების ყიდვა, საწარმოს განახლება და მარკეტინგული მხარდაჭერის მიღება. ასევე, აშშ-ის მთავრობის დახმარებით „TMT"-მ ახალი ბაზრები აითვისა, მათ შორის - გერმანიაში, შეერთებულ შტატებსა და ლატვიაში.

საწარმოში ვიზიტისას ელჩმა დეგნანმა „TMT"-ს წარმატება მიულოცა და ხაზგასმით აღნიშნა მისი მსგავსი კომპანიების მნიშვნელობა საქართველოს, როგორც საერთაშორისო ბრენდის, განვითარებაში.

2019 წლიდან USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა საქართველოში 77 კომპანიას დაეხმარა და შეიქმნა 1067 სრულგანაკვეთიანი სამუშაო ადგილი. აღნიშნული კომპანიების გაყიდვებმა $9.1 მილიონი შეადგინა, რომლიდანაც $4.7 მილიონი ექსპორტზე გაყიდული პროდუქციის წილია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები