ახალი ამბები
აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი შიდა ქართლს ეწვია
5-6 აპრილს აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ელჩი კელი დეგნანი შიდა ქართლს ეწვია.

5 აპრილს ელჩმა დეგნანმა კასპში დაფუძნებული კომპანია TMT დაათვალიერა. კომპანია USAID-ის მხარდაჭერით ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის, მათ შორის ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისთვის, დაკონსერვებულ ხილსა და ბოსტნეულს აწარმოებს.

ელჩი ასევე ეწვია საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას (NDA), რათა ხაზი გაესვა აშშ-ს როლისთვის საქართველოს თავდაცვის ძალების მომავალი ოფიცრების განათლებასა და მომზადებაში.

ის შეხვდა მშვიდობის კორპუსის დიდი ხნის პარტნიორს, „საზოგადოება ბილიკს“, რომლის წარმომადგენლებიც ორ ათწლეულზე მეტია შიდა ქართლის რეგიონის სოციალურად დაუცველ ბავშვებს ეხმარებიან.

6 აპრილს ელჩი დეგნანი ქვეშის საჯარო სკოლას ეწვია, რომელიც ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლიდან სულ რაღაც ერთ კილომეტრში მდებარეობს. სკოლა, რომელიც 270 მოსწავლეს ემსახურება, 2020 წლის იანვარში შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში მიღებული 1,5 მლნ ლარით გარემონტდა.

გორის რაიონულ სასამართლოში ელჩი დეგნანი სასამართლო რეფორმაში მონაწილე პირებს შეხვდა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცება აშშ-ს მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.

USAID-ის მიერ მხარდაჭერილ დემოკრატიის სკოლაში მონაწილე სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრისას, ელჩმა აქტივისტების თემებზე რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გავლენის შესახებ შეიტყო.

ელჩმა დეგნანმა ვიზიტი გორში ნატო-ევროკავშირის ცენტრში სტუმრობით, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრით და საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ფედერაციაში საელჩოს მიერ შემოწირული აღჭურვილობის დარიგებით დაასრულა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები