ახალი ამბები
წინასწარი ინფორმაციით გორში წლების წინ დაკარგული ბავშვის ნეშტი იპოვეს
გორში კომბინატის დასახლებაში მოზარდის ნეშტი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, საფლავი 2004 წელს დაკარგულ ბავშვს კუთვნის.

საფლავის შესახებ ინფორმაცია დაკარგული ბავშვის ოჯახს აცნობა ამ საქმეზე მსჯავრებულის, იაგო ნებიერიძის დედამ. ნებიერიძის დედა ამბობს, რომ პატიმარმა შვილმა მას ტელეფონით აცნობა:

,,ჩემმა შვილმა მითხრა, რომ მან წლების წინ დაინახა, თუ სად დამარხეს ბავშვი. ის არ დაასახელებს მათ ვინაობას, უბრალოდ, გამოხატა კეთილი ნება, რომ მშობლებმა ბავშვის საფლავი ნახონ და როგორც საჭიროა, ისე დაკრძალონ. ამის შემდეგ მე დავეკონტაქტე ბავშვის ოჯახის წევრებს. თითქმის ერთი თვის განმავლობაში დავდიოდით ამ საქმეზე და ბოლოს ჩვენ თვითონვე ვიპოვეთ საფლავი და გავაგებინეთ პოლიციას'' - ამბობს იაგო ნებიერიძის დედა.

მანამდე, სამძებრო სამუშაოები ახალბაღის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ამ საქმეზე სამუდამო პატიმრობაში მსჯავრდებული მიუთითებდა, რომ ფულის გამოძალვის მიზნით გატაცებული ბავშვი გორის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე იყო დაკრძალული. თუმცა, 2019 წელს ახალბაღის ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები უშედეგოდ დასრულდა.

დღეს ,,ახალბაღის" ტერიტორიაზე რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ნეშტი მდინარის მეორე სანაპიროზე - კომბინატის დასახლების მხარეს იპოვეს.

შსს ექსპერტიზას ატარებს, ხოლო კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

იაგო ნებიერიძე ბრალდებულია კიდევ ერთ საქმეში – 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში.

9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ცხედარი გორში 2018 წლის 25 ოქტომბერს იპოვეს. მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, სახეზე კი – პოლიეთილენის პარკი ჩამოფარებული.

34 წლის იაგო ნებიერიძე ამ საქმესთან დაკავშირებით მეორე დღეს, 26 ოქტომბერს, დააკავეს.

ექვსთვიანი განხილვების შემდეგ, 2019 წლის 27 მაისს, სასამართლომ მკვლელობასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეუფარდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები