ახალი ამბები
საეჭვო გადარიცხვები გორის კულტურის ცენტრში
ირიცხებოდა თუ არა კულტურის ცენტრის ბიუჯეტიდან თანხები ტოტალიზატორში, ამის შესახებ პასუხის გაცემა არ სურთ დღეს კულტურის ცენტრში.

კულტურის ცენტრის პრეს-სამსახურის განცხადებით, კომენტარი ამ საკითხზე ამ ეტაპზე არ კეთდება.

დღეს მედიაში მხოლოდ არაოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა.

ჩვენ დავინტერესდით იმ ადამიანით, ვინც პასუხისმგებელია თანხების გადარიცხვაზე. ეს არის ორგანიზაციის მთავარი ბუღალტერი - ლეილა წკრიალაშვილი. კულტურის ცენტრში გვითხრეს, რომ ვიდრე აუდიტის დასკვნა არ გამოქვეყნდება, ბუღალტერის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება ნაადრევია, თუმცა ბუღალტერის დარჩენა-არდარჩენის საკითხი განხილვის პროცესშია.

სამაგიეროდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) უკვე მეორედ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მიმდინარეობს გამოძიება. ამ სამსახურმა ერთი თვის წინაც განაცხადა, რომ კულტურის ცენტრში არალეგალური, ბიტკოინების საწარმოსთვის დენის გადასახადის ხარჯვის ფაქტზეც დაიწყეს გამოძიება, თუმცა შედეგები ჯერ არ ჩანს.

სუსის აქტიურობა ჩანს მაშინ, როდესაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გარკვეულ გადარიცხვებზე ეჭვები უჩნდება. ამ შემოწმების პროცესში, ნელ-ნელა ჟონავს ისეთი ცნობები, რომელიც სახელმწიფო აუდიტს კითხვებს უჩენს. საბოლოოდ კი სუსი ერთვება.

ორგანიზაცია კი, რომელიც ორი თვეა სკანდალშია გახვეული, გორის მერიის მიერაა დაფუძნებული და წარმოადგენს არაკომერციულ, არასამეწარმეო იურიულ პირს. მისი სრული სახელწოდებაა ,,გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობის სააგენტო''.

დაზუსტებულია უკვე ის ინფორმაცია, რომ აუდიტორებმა გამოითხოვეს დოკუმენტაცია და კონკრეტულ გადარიცხვებზე გაუჩნდათ კითხვები. შესაბამისად, საეჭვო გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად დაიბარეს სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გელა კაპანაძე.

,,მე ვიყავი სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, ჰქონდათ გარკვეულ გადარიცხვებზე კითხვები, თუმცა არ შემიძლია გიპასუხოთ, რას ეხებოდა ეს გადარიცხვები'' - გვითხრა გელა კაპანაძემ. ის სამსახურიდან ზუსტად ერთი თვის წინ წავიდა.

,,როგორ ხდება გადარიცხვა სახაზინო ანგარიშიდან? ვის ჰქონდა წვდომა კოდზე?" - ვკითხეთ სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს გელა კაპანაძეს. ,,ეს ბუღალტერს უნდა ჰკითხოთ" - ამბობს გელა კაპანაძე. თუმცა, რა პროცედურებს გადის ბუღალტერი ამისთვის, ამის განმარტება გელა კაპანაძემ არ ისურვა.

შესყიდვების სამსახურის უფროსმა მარინე მთიულიშვილმა გვითხრა, რომ ის სახელმწიფო აუდიტის ექსპერტებს გასაუბრებაზე არ დაუბარებიათ, შესაბამისად, ტოტალიზატორთან დადებული რაიმე ხელშეკრულება არ არსებობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები