ახალი ამბები
მიწის მესაკუთრეები 1 ჰა მიწაზე სუბსიდიის სახით 300 ლარს მიიღებენ
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა იწყება.

პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრა 1 ჰა -ზე 300 ლარით. სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან - 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები.

პროგრამის ბიუჯეტი 35 მილიონ ლარს შეადგენს და მისით 300 000-მდე ფერმერი ისარგებლებს.

ბენეფიციარებს სუბსიდია სპეციალურ აგრობარათებზე ქულების სახით დაერიცხებათ, რომლის გამოყენება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად შეეძლებათ.

პროგრამის დამტკიცების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს, ქვეყანაში სასოფლო - სამეურნეო სამუშაოების დროული და ეფექტური განხორციელების ხელშეწყობა, წარმოებისთვის საჭირო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და აგრარული სამუშაოების მიმართულებით აქტივობის სტიმულირება.

სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დადებით გავლენას მოახდენს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაზე.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ბენეფიციარი ვალდებულია დარეგისტრირდეს ფერმერთა რეესტრში. (ცხელი ხაზი 1501)
Print

სტატიის გამოყენების პირობები