ახალი ამბები
სააღდგომოდ ახალგორის გზა გაიხსნა
სააღდგომოდ ახალგორის გზა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ავრცელებს.

,,გზა იხსნება მათთვის, ვისაც აქვს ჩაწერა - სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი ან საშვი - "პროპუსკი". ნუ გაბრაზდებით, ვინც ამჯერად ვერ შეძლებთ, საბუთის არ ქონის გამო, ესტუმროთ ოჯახს ან საფლავებს. ჩემი შვილიც ვერ ჩამოვა - არ აქვს არანაირი დოკუმენტი. იხსნება ორივე მიმართულებით - აქედან წახვალთ და დაბრუნდებით, ჩამოხვალთ და უკან დაბრუნდებით 5 დღის ვადაში. მანქანებით გადაადგილება არ იქნება შესაძლებელი - აქ მანქანით ვერ შემოხვალთ. საგუშაგომდე მოხვალთ და ან ტაქსის გამოიძახებთ, ან ახლობელი დაგხვდებათ. ვინც მიდიხართ ან მოდიხართ, ერთმანეთს გაუმართეთ ხელი... განსაკუთრებით მათ, ვინც თავად ვერ ახერხებს ამას'' - წერს თამარ მეარაყიშვილი.

ის ახალგორში ცხოვრობს და წლებია საკუთარი ოჯახის წევრები არ უნახავს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს.

საგუშაგოს გახსნის ფაქტი ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა დაადასტურდა. ინტერპრესიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მოქალაქეებს გადაადგილების საშუალება 25 აპრილის ჩათვლით ექნებათ:

"დღეიდან გაიხსნა ე.წ. გამშვები პუნქტი, რის საფუძველზეც, იმ პირებს, ვინც ფლობს დე ფაქტო რეჟიმის მიერ გაცემულ "პროპუსკებს'', ან ე.წ. პასპორტებს, 25 აპრილის ჩათვლით შესაძლებლობა მიეცემათ, რომ შევიდნენ საკუთარ სოფლებში, სახლებში აღდგომის დღესასწაულზე, გავიდნენ საფლავებზე და მოინახულონ იქ დარჩენილი ახლობლები. მოგეხსენებათ, 2019 წლის 5 სექტემბრის შემდეგ დე ფაქტო რეჟიმი საშუალებას არ აძლევდა ახალგორელებს, რომ დაბა დაეტოვებინათ და სხვადასხვა საჭიროებისთვის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულიყვნენ, ან პირიქით, აქეთ დარჩენილები შესულიყვნენ საკუთარ სახლებში. ეს ჰუმანიტარული საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ დააყენეს სხვადასხვა ფორმატის შეხვედრაზე და ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მმართველმა მხოლოდ ახლა მიიღო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დროებით მოხსნის გადაწყვეტილება", - განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

ფოტოზე: ახალგორის ,,ჭიშკარი'', 2019 წელი

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები