ახალი ამბები
ხაშურის ქუჩებს სააღდგომოდ ოსიაურის ასფალტის ქარხნის ხარჯებით დაასუფთავებენ
სააღდგომოდ ხაშურის ქუჩებს კომპანია ,,ელისი 2015'' დაასუფთავებს. ასფალტის ქარხანა ხარჯებს საკუთარი სახსრებიდან გაიღებს.

ეს ის კომპანიაა, რომელიც ,,ქართული ოცნების'' მმართველობის პერიოდში დაარსებული საწარმოების სიაშია.

დასუფთავების აქციის შესახებ ინფორმაცია ხაშურის ტელევიზია ,,ივერიამ'' გაავრცელა.

კომპანია მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ავტომანქანები ბორდიურებისგან მოშორებით დააყენონ, რადგან დაფუსთავების სამუშაოები შეუფერხებლად განხორციელდეს.

კომპანია ,,ელისი 2015'' დააფუძნა მარიამ გოგოლაძემ. საწარმოს ოსიაურში მიწის წიაღისეულის მოპოვების ნებართვა აქვს აღებული 25 წლის ვადით.

ამავე კომპანიას, თბილისის მერიამ, დედაქალაქში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მისცა.

ამჟმად, ხაშურის ქუჩებში ორმოულების შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც კომპანია ,,ჰედეფ ჯორჯია'' ახორციელებს. მისი წარმომადგენელი აცხადებს, რომ დასუფთავების აქციასთან მათ არანაირი შეხება აქვს. ხაშურის ტელევიზიით გავრცელებულ ინფორმაციას კი სწორედ მათი ტექნიკის მანქანა ახლავს.

,,ჰედეფ ჯორჯიას'' მფლობელია ლევან გოგოლაძე, ხოლო ,,ელისი - 2015''-ს ფლობს მარიამ გოგოლაძე.

კიდევ ერთი დეტალი, რაც ,,ელისი 2015'-ს უკავშირდება არის 2018 წელს მომხდარი ფაქტი. წარსულში ნასამართლევი პირი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, საგზაო კომპანია შპს "ელისი 2015"-ის ადმინისტრაციულ შენობაში თავს დაესხა ამავე კომპანიის მენეჯერს, რომელსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცა "მერსედეს - ბენცის" მარკის ავტომანქანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა რ.ფ. 2018 წლის 17 აპრილს თბილისში დააკავეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები