ახალი ამბები
გორში სააღდგომოდ უფასო მგზავრობა სადგურის დასახლებიდან მომავალ მგზავრებს არ შეეხებათ
სააღდგომოდ, 24-25 აპრილს გორში ლურჯი ავტობუსებით მგზავრობა უფასოა, თუმცა ეს შეღავათი არ ვრცელდება სადგურის დასახლებაში გამოყოფილი ავტობუსების მგზავრებისათვის.

როგორც ავტობუსის მძღოლმა გვითხრა, ამის მიზეზი ისაა, რომ სადგურის დასახლებიდან ავტობუსი პირდაპირ სასაფლაოზე არ მიდის.

ამ ფაქტმა ადგილობრივი მცხოვრებთა გულისწყრომა გამოიწვია:

,,მიდგომა და დამოკიდებულებაა აგდებული და გულსატკენი ძალიან. ძირძველი დასახლებაა, გორის ისტორიას მაინც გადახედონ.''- გვითხრა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

მისი თქმით, ავტობუსების ჩამოყვანის დღიდან, სადგურის დასახლებაში ყველაფერი მოსაწესრიგებელია. კერძოდ, მოსაწესრიგებელია მარშრუტები, საჭიროა მოსაცდელების დადგმა, ელტაბლოების მონტაჟი.

,,მარტო ახლა არ გამოიკვეთა აგდებული დამოკიდებულება. სადგური - ტინისხიდის მიმართულებით ტრანსპორტი არ დადის, ერთი ავტობუსი არ დანიშნულა. სამარშტუტო ტაქსები სამი დადიოდა, კომუნისტების დროსაც კი იყო ტროლეიბუსი ტინისხიდამდე, ეხლა ვერ გავაგებინეთ ვერაფერი ვერავის.'' - ამბობს სადგურის დასახლებაში მცხოვრები.

სადგურის დასახლებაში ორი ავტობუსი #2 და #5 ავტობუსები მოძრაობს (წმინდაწყლისა და ორთაშენის მიმართულებით).

გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო მოსახლეობას აცნობებს, რომ 24-25 აპრილს, აღდგომასა და მიცვალებულთა ხსენების დღეს, 08:00-18:00 საათებში, გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო, ქვემოთ მითითებულ მარშრუტებზე, უფასოდ უზრუნველყოფს მგზავრთა გადაყვანას

- ვერხვების დასახლება (მამარდაშვილის მემორიალიდან - კვერნაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მიმდებარედ)
- კომბინატის დასახლება (ცენტრალური მოედანი - კვერნაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მიმდებარედ)
- წმინდაწყლის დასახლება (ყიფიანის და ნადირაძის ქუჩების კვეთა - კვერნაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მიმდებარედ)
- ჭალის დასახლება (მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ - კვერნაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მიმდებარედ)

,,ყველა მარშრუტი შუალედურ გაჩერებას გააკეთებს სამებისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაზე. მოძრაობის ინტერვალი - 1 საათი. აქვე განვმარტავთ, რომ მგზავრობა უფასო იქნება მხოლოდ მითითებულ მარშრუტებზე, ხოლო ყველა სხვა მარშრუტზე მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს ჩვეული რეჟიმით 07:00-დან 20:00 საათამდე'' - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები