ახალი ამბები
გორში ყაჩაღობის ფაქტი ძაღლმა გახსნა, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ შეცდა
გორში, ყაჩაღობაში ბრალდებული მამაკაცის ადვოკატი ამბობს, რომ სამძებრო ძაღლმა სხვა მამაკაცის ტანსაცმელი იპოვა. კერძოდ, ადვოკატის განცხადებით, ტანსაცმელი, რომელიც სამძებრო ძაღლმა იპოვა, არის სხვა ზომის და, შესაბამისად, ის ბრალდებულს არ ეკუთვნის.

საქმე ეხება პანდემიის დროს, 2020 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 01:00 საათზე, გორში, ცხინვალის გზატკეცილზე მომხდარ ფაქტს. დაცვის მხარე სასამართლოში ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ ძაღლმა ტანსაცმელი იპოვა სხვა ადამიანის საცხოვრებელი ბინის სარდაფში.

პროკურორი ია მეფარიშვილი პროცესზე ამტკიცებდა, სარდაფი, სადაც ტანსაცმელი იპოვეს, ეკუთვნის ბრალდებულის მეგობარს. მისი განმარტებით, ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების შემდეგ, ბრალდებული და მისი თანხმლები პირები გაემგზავრნენ ქარელში.

როგორც აღვნიშნეთ, ყაჩაღობა მოხდა დილის 1-ელ საათზე. გამომძიებლებმა სუნის ნიმუში ბალახებიდან აიღეს, შემდეგ კი სამძებრო ძაღლი შემთხვევის ადგილიდან გაუშვეს.

ძაღლი საფეხბურთო სტადიონის გვერდით არსებული ბილიკით მივიდა ცხინვალის გზატკეცილზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან, შემდეგ კი - კიბესთან ამოიღეს 20-ლარიანი კუპიურა.

პროკურორის განცხადებით, ძაღლი შევიდა სადარბაზოში და ჩავიდა სარდაფში. იქ ნახეს შავი შარვალი, ე.წ. კაპიშონიანი ქურთუკი, ნაქსოვი ქუდი, მუქი ფერის კეპიანი ქუდი, შავი ფერის ორი ცალი პირბადე და კამუფლაჟირებული ცხვირსახოცი. სარდაფის ჩასასვლელიდან კი ამოიღეს შავი ფერის ყელიანი სპორტული ფეხსაცმელი, ყავისფერი სამხედრო ჩანთა, შავჩარჩოიანი სათვალე, პისტოლეტის მსგავსი საგანი და, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა.

,,დადასტურდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალი იდენტურია ბრალდებულის სუნის ნიმუშის, ხოლო სარდაფიდან ამოღებულ პისტოლეტისმაგვარ საგნის ტარზე, ჩამკეტის გარსაცმსა და მჭიდზე, ფეხსაცმელზე, შარვალზე, ჟაკეტზე, ნაქსოვ ქუდსა და პირბადეზე აღმოჩნდა ბრალდებულის ბიომასალა. "" - ნათქვამია საბრალდებო სიტყვაში.

პროკურორმა ია მეფარიშვილმა პროცესზე აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს ვიდეოჩანაწერი. ჩანაწერში დაფიქსირებული პირი არის საშუალოაზე მაღალი (180-185 სმ), რაც თანხვედილია შსს-ს ელექტრონული პროგრამიდან ამობეჭდილ, ფოტოსურათით მიღებულ ინფორმაციასთან. ასევე, პროკურორის მტკიცებით, გაზგასამართი სადგურის ვიდეოჩანაწერებში მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია ბრალდებულის ხმისა.

რაც შეეხება ყაჩაღობას, როგორც ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლებმა აღნიშნეს, ისინი ისხდნენ მოსასვენებელ ოთახთან.

,,მოგვიახლოვდა შავებში ჩაცმული მამაკაცი, რომელსაც ხელებზე ეკეთა ხელთათმანი, სახეზე კი ეკეთა პირბადე. თავზე ეხურა კეპიანი ქუდი, ხოლო ხელში ეჭირა ყუთი. მოგვესალმა და გვითხრა, რომ ყუთში ჰქონდა ბომბი და თუ ფულს არ მისცემდნენ, ააფეთქებდა და დაგვხოცავდა." - განაცხადეს კომპანიის თანამშრომლებმა.

მამაკაცი ასევე დაემუქრა იარაღის მსგავსი საგნით. ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლებმა გადაცეს თანხა, რაც ჯამში 400 ლარზე მეტი იქნებოდა.

საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი მოწმე, რომელიც აცხადებს, რომ ახლომდებარე ტერიტორიიდან მისთვის უცნობი მამაკაცები წაიყვანა ქარელში.

ტაქსის მძღოლმა განმარტა, რომ 2020 წლის 11 ივნისს იდგა ცხინვალის გზატკეცილზე, რესტორან ,,მზიურის" მოპირდაპირე მხარეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები