ახალი ამბები
,,დამემუქრა, ნეტავ 90-იანები დაბრუნდეს, გაგასახლებდი ერთ ღამეშიო" - გორში პოლიციის თანამშრომელს მეზობელი ეთნიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს
პედაგოგი მანანა ბედოშვილი გორში მარტო ცხოვრობს. მის მეზობლად კი, - პოლიციის თანამშრომელი გოგი ჩხიკვაძე. მანანა ბედოშვილმა პოლიციის თანამშრომლის წინააღმდეგ განცხადებით შს სამინისტროს ორჯერ მიმართა, მათ შორის, სახელმწიო უსაფრთხოების სამსახურს.

მანანა ბედოშვილა გვითხრა, რომ პოლიციის თანამშრომელი მას გასახლებით დაემუქრა, კერძოდ, ინატრა, რომ 90-იანები წლები დაბრუნდეს, რათა როგორც ოსი, ერთ ღამეში გაასახლოს.

,,ჩვენი დავა მას შემდეგ დაიწყო, როგორც მეზობელს, მივეცი ნებართვა, რომ ჩემი საცხოვრებელი სახლის კედლის მომიჯნავედ აეშენებინა სათავსო. ამ ხელმოწერით ისარგებლა და არა თუ სათავსოს, არამედ მრავალსართულიან სახლს აშენებს. დაიბზარა ჩემი ბინის კედლები, შემოვიდა წყალი, დამიზიანა სველი წერტილები და ა.შ. ეს ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელი იყო, რადგან ისარგებლა ჩემი ნდობით, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა მანამდე, მაგრამ დამაზარალა მე."" - ამბობს მანანა ბედოშვილი.



მარტოხელა პედაგოგის სახლი ერთსართულიანია, აგურით ნაშენები.

,,ადრე ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ ახლანდელ ახალბაღის ტერიტორიაზე. მაშინდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ იქ დასასვენებელი პარკი გაეკეთებინა, ამიტომ, მოგვცეს ეს ერთსართულიანი აგურის სახლი. ზუსტად 100 წლისაა ეს სახლი. გამოიყურება ისევე, როგორც მაშინ. ახლა კი კედლის ძირში ისეთი სამუშაოები ჩაატარა, რომ ფაქტობრივად სახლი თავზე მენგრევა, რაც გავაპროტესტე. ამ ჩემ პროტესტს მოჰყვა სწორედ ეგ მუქარა."" - ამბობს მანანა ბედოშვილი.

მანანა ბედოშვილმა განაცხადებით მიმართა ასევე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსსაც. სამინისტრომ საკუთრი უწყების თანამშრომლის ქმედებებში კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი დაინახა:

,,ახლაც ვნერვიულობ, ამ სიტყვებს რომ ვიხსენებ. მე ახლაც მახსოვს, რა გამოვიარეთ 90-იან წლებში. ეს იყო საშინელი წლები. მე ერთი სიტყვაც არ ვიცი ოსური, მაგრამ ოსი ვარ, რა არის ამაში დასაძრახი? ამას წინათ პოლიციის მანქანით მოიტანა სამშენებლო მასალები, გადავიღე კიდეც. ამას მოყვა სწორედ ეს საშინელი მუქარა – ნეტა 90-იანი წლები დადგეს, აქედან ერთ ღამეში გაგასახლოო"" - იხსენებს მანანა ბედოშვილი.

ობიექტი, რომელსაც პოლიციის თანამშრომელი გოგი ჩხიკვაძე აშენებს, სახლის ეზოშია. პირველი სართული აშენებულია, ამჯერად, მეორე სართულის მშენებლობა მიმდინარეობს.

გორის მერიიდან მიღებულ პასუხში წერია, რომ სახლის მშენებლობა მიმდინარეობს გორის მერის კონტანტინე თავზარაშვილისა და სახლის მეპატრონეს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე. მანანა ბედოშვილს არ გააჩნია არანაირი დოკუმენტი, თუ რა შეთანხმება არსებობს გორის მერსა და პოლიციის თანამშრომელს შორის.

დღეს მან მერიისგან საბუთები გამოითხოვა. ცდილობს სამართალდამცველის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები