ახალი ამბები
გორელი ძიუდოისტი ნუცა თათრიშვილი საქართველოს ღია ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
14 წლის ასაკის ძიუდოისტი, ნუცა თათრიშვილი დღეს საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ის მონაწილეობას იღებდა თბილისის ღია ჩემპიონატზე გოგონებს შორის.

ამავე ჩემპიონატზე მონაწილეობას იღებდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქების გუნდები. ადიგენის გუნდის პედაგოგმა თამარ ჩანტლაძემ მასთან ერთად ფოტო გადაიღო:

,,ეს გოგონა უმაგრესი ნუცა თათრიშვილია გორიდან, რომელიც დღეს ჩემპიონი გახდა. ძალიან ვამაგავსებ ჩვენს მანანა ჭიღლაძეს - გორის ძიუდოს ძველი სკოლა - ჭიდაობითაც და შეხედულებითაც. გილოცავ გამარჯვებას და წარმატებები ბევრი ნუციკო.'' - წერს თამარ ჩანტლაძე.

ნუცა თათრიშვილი ბავშვობის ადრეული ასაკიდან ჭიდაობს. ოჯახში მოჭიდავეები არიან მამა და ძმა.



გორის მერიის სპორტის სააგენტოს ცნობით, თბილისში, სპორტსაზოგადოება ,,განთიადის“ ღია პირველობაზე, რომელშიც ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქების ძიუდოისტთა გუნდები იღებენ მონაწილეობას, პირველი საშეჯიბრო დღე გორელებმა - 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

შეჯიბრება, 2007-2008 წწ დაბადებულ ვაჟებსა და 2006-2007 წწ დაბადებულ გოგონებს შორის მიმდინარეობს.

პირველ ადგილებზე გავიდნენ: დათო სადაღაშვილი (46 კგ), გიორგი ბაბუციძე (55 კგ) და ნუცა თათრიშვილი (57 კგ) - სამივე გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა.

ბრინჯაოს მედალი მარიამ აბალაკმა მოიპოვა (+78 კგ) - შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები